საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის 29 თებერვალს იწყებს შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელის არსებით განხილვას. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სასამართლო პროცესის გადაღების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ შემთხვევაში თუ, ეს უკანასკნელი არ გამოხატავს ინტერესს, სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს (ტელევიზია და რადიო, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები). თუ პროცესის გადაღების სურვილს რამდენიმე საერთო მაუწყებელი გამოთქვამს, მაშინ წილისყრით შეირჩევა ის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელსაც სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ექნება. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდონ სხვა მედია საშუალებას.
არსებული რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული პროცესის გადაღების მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლების ინტერესის არარსებობის პირობებშიც, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას არ აქვს სასამართლო პროცესის გადაღების შესაძლებლობა. მსგავსი შემთხვევა ჰქონდა სწორედ მოსარჩელეს, რომელიც ფლობს ისეთ ინტერნეტ პორტალს როგორიცაა, „მთის ამბები“ და „reginfo.ge”. მას პროცესის გადაღების უფლება შეეზღუდა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ.
ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ინტერნეტ მედიას უკრძალავს სასამართლო პროცესის გადაღებას/პირდაპირ ეთერში გაშვებას, მაშინაც კი, როცა პროცესს არ ესწრება და არ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. საქმეში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია წარმოადგენს.
ამ საქმეებს საია აწარმოებს USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით.