სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სამართალწარმოება

2012-11-20 21:40
Featured image
მრავალი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სამართალწარმოება საიას სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. ასოციაციამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო პრაქტიკის დამკვიდრებაში. ამჟამად საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).
 
საია იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა ისარგებლა 2009 წელს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით და „სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი წერილობითი მოსაზრებები. საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ განიხილა აღნიშნული მოსაზრებები, არამედ გაიზიარა და ასახა კიდეც საიას პოზიცია თავის გადაწყვეტილებაში. საია „სასამართლოს მეგობარს” წარმოადგენდა სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შეტანილ კიდევ ორ სარჩელთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეებშიც გაიზიარა ასოციაციის მოსაზრებები.
 
საიას მიერ წარდგენილმა არგუმენტებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაზე. საიამ შეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ სახელმწიფო დაწესებულებიდან 20 მეტრის რადიუსში საპროტესტო აქციის ჩატარებაზე დაწესებული ბლანკეტური აკრძალვა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
 
2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი სარჩელი, რაც ეხებოდა სასამართლოს თანხმობის გარეშე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ღონისძიების გაგრძელებას. სასამართლომ აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
 
2011 წელს და 2012 წლის პირველ ნახევარში საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 9 სარჩელით, რომელთაგან საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად, ხოლო ორ სარჩელზე, რომელთაგან ერთი ეხება დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს, ხოლო მეორე პოლიციის მიერ პიროვნების შეჩერებას და ზედაპირულ შემოწმებას, სასამართლომ  განხილვა დაამთავრა და ამჟამად მზადდება გადაწყვეტილება.
 
2011-2012 წლებში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ორი გადაწყვეტილება წინა წლებში შეტანილ კონსტიტუციურ საიას მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით. აქედან ერთი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მეორე კი ნაწილობრივ.