სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახელმწიფოს მიხედულების ფარგლების დოქტრინა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში

2021-01-12 18:19
Featured image

მიხედულების ფარგლების დოქტრინა პირველად გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. The United Kingdom[1] რათა შეეფასებინა დიდი ბრიტანეთის მიერ პატარა წითელი სასკოლო წიგნის კონფისკაცია უხამსობის დაცვის მოტივით რამდენად აუცილებელი იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში განვითარებული მიხედულების ფარგლების დოქტრინა განსაზღვრავს სახელმწიფოს მოქმედების თავისუფლების  ფარგლებს, რომელშიც სასამართლო ნაკლები სიმკაცრით შეაფასებს სახელმწიფოს მიერ უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კრიტერიუმს, რაც თავის მხრივ უფლებაში ჩარევის შეფასების ტესტის ერთ-ერთი კრიტერიუმია. აღნიშნული დოქტრინა ემყარება სუვერენიტეტის იდეალს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის საჭირო საკანონმდებლო სივრცის შექმნის პრეროგატივა სახელმწიფოს გააჩნია, ხოლო სასამართლო შეაფასებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად დასაბუთებულად ჩაერია სახელმწიფო ადამიანის უფლებებში. აღნიშნული დოქტრინა ასახავს სასამართლოს როლს, როგორც საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელიც სუბსიდიარობის პრინციპის საშუალებით ეროვნულ დონეზე სადამკვირვებლო ფუნქციას ახორციელებს ადამიანის  უფლებების დაცვის კუთხით.  

მიხედულების ზღვრის დოქტრინა სასამართლოს მიერ შეფასების ტესტის სიმკაცრეზე ახდენს გავლენას იმდენად, რამდენადაც საკითხები, რომელიც მიხედულების ფარგლებში ვარდება, სასამართლოს მიერ ნაკლები სიმკაცრით მოწმდება. ხოლო იმის განსაზღვრისას თუ რომელი საკითხი აღმოჩნდება მიხედულების ფარგლებში, ყურადღება ექცევა განსახილველი საკითხის მოწესრიგებისას ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში არსებობს თუ არა ერთგვაროვანი პრაქტიკა. მაგალითისთვის, წევრი სახელმწიფოების კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, სახელმწიფოს მიხედულებას წარმოადგენს იმის განსაზღვრა რამდენად აუცილებელი იყო გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

მსგავსად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშიც შეგვიშლია ამოვიკითხოთ დოქტრინა, რომლიც განსაზღვრავს საკითხებს, რომელთა გადაწყვეტად სახელმწიფოს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში განვითარებული სახელმწიფოს მიხედულების ფარგლების დოქტრინა ევროსასამართლოს პრაქტიკაში განვითარებული დოქტრინისაგან იმით განსხვავდება, რომ ის ემყარება განსხვავებულ - ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუმცა, შედეგობრივად ორივეს მსგავსი მოქმედება აქვს.

საინტერესოა რა შემთხვევებში ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას. პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია:

1. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას, მაშინ, როდესაც შეზღუდვას დაქვემდებარებული გამოხატვა უხამსი შინაარსისაა[2];

2. შეზღუდოს უცხოელების პოლიტიკური საქმიანობა[3];

3. შეზღუდოს შეკრების უფლება, როდესაც შეკრების რეგულირების ფორმალურ საფუძველს არ სცდება და შეზღუდვა დადგენილია შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმით[4];

4. განკარგოს მის საკუთრებაში არსებული შეზღუდული რესურსები, მაგალითად სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზირების პირობები[5];

5. ეკონომიკური რესურსების განკარგვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური  პოლიტიკის შემუშავებაში[6];

6. მოაწყოს სასამართლოს სისტემა[7];

7. განსაზღვროს თუ როგორი უნდა იყოს სასჯელის პოლიტიკა - კონსერვატორული, ლიბერალური თუ შუალედური. ასევე, განსაზღვროს რომელ ქმედებას მიიჩნევს სამართალდარღვევად, დაადგინოს აღნიშნული ქმედებისთვის სახდელი  და მისი სიმძიმე[8];

8. შეარჩიოს საარჩევნო მოდელი და განსაზღვროს არჩევნების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები[9];

9. მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით[10];

10. დაარეგულიროს თამბაქოს ბიზნესი[11];

11. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ადამიანის საჭიროების უზრუნველყოფის პოლიტიკის შერჩევისას[12];

12. გადასახადის განაკვეთის დასაბეგრი მოცულობის განსაზღვრის თვალსაზრისით[13];

13. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას[14];

14. მამაკაცებისა და ქალების ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაატაროს დროებითი ღონისძიებები[15];

15. საფინანსო სისტემის სტაბილურობის მისაღწევად, ამა თუ იმ რეგულირების დადგენისას[16].

როგორც ვნახეთ, არც თუ ისე მცირეა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით სახელმწიფოს ფართო მიხედულების ფარგლები გააჩნია. მოცემულ საკითხებზე სახელმწიფოსთვის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას განაპირობებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. სასამართლოს პოზიციით, პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხელისუფლებას ფართო და მოქნილი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს, თუმცა, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს მის აბსოლუტურობას. სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მაინც აფასებს მიხედულების ფარგლებში მოქცეული საკითხების კონსტიტუციურობის საკითხს, თუმცა მათი შეფასებისას: 1. თავს არიდებს საკითხის პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასებას; 2. საკითხის შეფასებისას სასამართლო იყენებს ნაკლებად მკაცრი შეფასების ტესტს.

იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიხედულების ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხებს ნაკლები სიმკაცრით აფასებს, მოწმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ[17]აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა საკუთრების უფლებით დაცული ლეგიტიმური მოლოდინების ორი განსხვავებული ინსტიტუტი. პირველი ეს გახლავთ სახელმწიფოს მიერ კეთილი ნების საფუძველზე პირთა კონკრეტული ჯგუფისათვის ქონებრივი სარგებლის/ინტერესის მინიჭება(მაგალითად მოხუცებულთა პენსია). ხოლო მეორე შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქონებრივი სარგებლის მიცემა პირისთვის, რომელსაც თან ახლავს აღნიშნული პირისგან გარკვეული აქტიური, მიზანმიმართული ქმედებების განხორციელება სახელმწიფოს სასარგებლოდ(მაგალითად ჯარისკაცის პენსია). სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნია მიხედულების ფართო ფარგლები განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, ხოლო მეორე შემთხვევაში მისი მიხედულების ფარგლები შეკვეცილია, რაც განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ სარგებელს გასცემს არა კეთილი ნების, არამედ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ. აღნიშნული სტანდარტი კი საბოლოოდ აისახება შესაბამისი ინსტიტუტების მომწესრიგებელი ნორმების შეფასების სიმკაცრეში. სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევის გამართლების სტანდარტი იქნება მკაცრი. ამისგან განსხვავებით, პირველი შემთხვევის შეფასებისას, სასამართლო გამოიყენებს შეფასების მსუბუქ ტესტს და  სასამართლო საკუთრების უფლების დარღვევას არ დაადგენს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოქმედება ეფუძნება გონივრულ დასაბუთებას.

 

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 


[1] Handyside v. The United Kingdom, judgment of 7.12.1976, § 48-49.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7.

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე -საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5.

[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-29.

[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-40.

[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე - სპს გრიშა აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-57.

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-91.

[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე - ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-12.

[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-51.

[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-26.

[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1/11/629,652 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები - როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-31.

[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე - სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11.

[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე - სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13.

[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25.

[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის N1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე - ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-41.

[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის N3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე - ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.