„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის (ქალის მკვლელობა გენდერის ნიშნით) შემთხვევას, რომელზეც მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა. კოალიციას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ გენდერული დანაშაულების მიმართ მიდგომა მათი ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით.
2017 წლის 15 იანვარს თელავის რაიონის სოფელ შალაურში გივი გულიაშვილმა მეუღლეს - ოლგა შიშკინას - ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალს სხეულის 70% ჰქონდა დამწვარი და 12 დღე იმყოფებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, რის შედეგადაც, 2017 წლის 27 იანვარს, გარდაიცვალა. 2017 წლის 12 ივნისს, გივი გულიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში,[1] რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ახორციელებდა საქმეზე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს.
აღნიშნულ საქმეში ვლინდება საქართველოში ფემიციდის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არსებული სისტემური პრობლემები, რომლებიც დანაშაულის კვალიფიკაციას, ქმედებაში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევასა და ძალადობის წინარეისტორიის შესწავლას ეხება:[2]
ზემოხსენებულ საქმეზე დაყრდნობით და ფემიციდის გამოძიებასა და დასჯასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ფემიციდის ყველა შემთხვევაში მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით. დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა იყოს ჩადენილი ქმედების ადეკვატური და თითოეულ საქმეში უნდა მოხდეს დისკრიმინაციული მოტივისა და მსხვერპლის მიერ განცდილი ძალადობის წინარეისტორიის გამოკვლევა.
ფემიციდის გამოძიებას და დასჯას უნდა ჰქონდეს ტრანსფორმაციული პოტენციალი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის დასჯასთან ერთად, მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლ ქალთა ტანჯვის სათანადო აღიარებას, სტრუქტურული უთანასწორობის, დისკრიმინაციის, სუბორდინაციის და გენდერული იერარქიების გარდაქმნას, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ძირეული მიზეზია.
[1] დანაშაული დაკვალიფიცირდა 111- 117.8 მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ოჯახური დანაშაული), ისჯება 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
[2] იხ. „ფემიციდის განაჩენების კვლევა - 2014’’, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2016: https://gyla.ge/files/news/2016%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/femicidi_ge.pdf