სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე შეკრების თავისუფლების დარღვევა აღიარა

2015-07-27 17:13
Featured image

2015 წლის 23 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე „ჭიქაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე მშვიდობიანი აქციის დროს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შელახვას ეხება. მომჩივნების - მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის - ინტერესებს საია წარმოადგენდა.
 
2011 წლის 25 მარტს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ გამართული აქციის მონაწილეები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრობლემას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს და აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
 
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2011 წლის 24 სექტემბერს წარდგენილი საჩივრით, საია გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევის, დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავების და საქმის განხილვის დროს არსებული დარღვევების გამო დავობდა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევა). სასამართლომ, 2014 წლის 1-ლ დეკემბერს, საქართველოს ხელისუფლებას გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო (კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები) წერილობით ახსნა-განმარტების წარმოდგენა მოსთხოვა.
 
2015 წლის 3 აპრილს სახელმწიფომ ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი დეკლარაცია წარუდგინა, რომელშიც დემონსტრანტების მიმართ შეკრების თავისუფლების დარღვევა აღიარა (კონვენციის მე-11 მუხლი), ხოლო თითოეულ მომჩივანს კომპენსაციის სახით 1000 ევროს გადახდა შესთავაზა. საია ცალმხრივ დეკლარაციას სრულად არ დაეთანხმა, ვინაიდან სახელწიფო ცალკე არ გამოყოფდა დემონსტრანტთა დაკავების  ფაქტს და არ მიუთითებდა დარღვევის არასათანადო გამოძიებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ შეკრების თავისუფლების დარღვევის აღიარება თავის თავში მოიცავდა საქმეში არსებულ ყველა გარემოებას, საქმის განხილვა განჩინებით დაასრულა და საჩივარი ამორიცხა განაცხადთა ნუსხიდან.