საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი. მისი ავტორი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფია, ინიციატორი კი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. დღეს მოქმედი მოძველებული კანონის ცვლილების სურვილი მისასალმებელია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის - სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დღეს, როდესაც სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ახალ ინფორმაციის თავისუფლების კანონზე, გამართლებულად არ მიგვაჩნია ამ პროცესის წინმსწრებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მიღება.
საიამ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა პარლამენტს უკვე მიაწოდა. საერთაშორისო სტანდარტების მხედველობაში მიღებით, საიას მიაჩნია, რომ კანონპროექტმა სერიოზული ცვლილებები და გადამუშავება უნდა განიცადოს. კერძოდ:
• წარმოდგენილ ვერსიაში საერთოდ არაა გათვალისწინებული საჯარო ინტერესის ტესტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინტერესი გადაწონის მისი საიდუმლოდ მიჩნევის ინტერესს. შესაბამისად, კანონპროექტს უნდა დაემატოს საჯარო ინტერესის ტესტი;
• ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუ მისი გასაჯაროება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს („ზიანის ტესტი“). თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ზიანის ტესტი საკმაოდ სუსტია და ითვალისწინებს იმ ინფორმაციის მიჩნევას სახელმწიფო საიდუმლოებად, რომელსაც, მაგალითად, შეუძლია „უარყოფითი გავლენა“ იქონიოს სახელმწიფოს ცალკეულ ინტერესებზე;
• ზოგადად, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის ქვეშ მოხვდეს ის ინფორმაცია, რომელიც კანონდარღვევებზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გარემოსა თუ ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საშიშროებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მამხილებლები - საჯარო მოხელეები, რომელთაც მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო საიდუმლოებაზე და მისი გასაჯაროებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ავლენენ - იყვნენ დაცულნი ამ ინფორმაციის გასაჯაროებისას;
• უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. კერძოდ, (1) დანაშაულად მიჩნეულ უნდა იქნეს არა უბრალოდ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, არამედ ისეთი შემთხვევა, როდესაც გამჟღავნება გამოიწვევს ზიანს, (2) ხოლო ჟურნალისტებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა გამორიცხოს;
• როგორც მოქმედი კანონი, ასევე კანონპროექტი წამყვან როლს სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვაზე კონტროლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშული საკითხი გადასახედია რამდენიმე მიზეზის გამო: (1) შსს თავად ფლობს დიდძალ საიდუმლო ინფორმაციას და როგორც წესი, მოწადინებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იქნეს გასაიდუმლოებული; (2) შესაძლებელია ამგვარი საკონტროლო უფლებამოსილებანი შსს-მ გამოიყენოს იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომლისთვისაც სხვა შემთხვევაში სასამართლოს ნებართვა დასჭირდებოდა; (3) არავითარი ანგარიშვლადებულება შსს-ს მიერ ასეთი ტიპის საქმიანობის განხორციელების პროცესში დადგენილი არ არის. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ჯობს საზედამხედველო ფუნქციები დაეკისროს დამოუკიდებელ ორგანოს ან ინფორმაციის კომისიონერს;
• მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას. საიას მოსაზრებით, მსგავსი ჩანაწერი აზიანებს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის განხორციელებას და მიუღებელია.
საიას დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ასევე ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
• კერძო პირთა ავტორობით შექმნილი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საფრთხეები;
• დასაიდუმლოების ვადების ხანგრძლივობა;
• ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის გადაწყვეტილების ყოველწლიურად გადახედვის პრაქტიკაში ამოქმედების საჭიროება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამა წლის 16 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ კანოპროექტის პირველი მოსმენით განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და ორგანიზაციის მოსაზრებები კომიტეტის წევრებისა და კანონპროექტის ინიციატორის წინაშე ზეპირი სახითაც დააფიქსირეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავის დასკვნაში ასახა საიას მოსაზრება საჯარო ინტერესის ტესტის კანონპროექტში გათვალისწინების საჭიროებასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საიას მოსაზრებებს და მათ დოკუმენტის ტექსტში სათანადოდ ასახავს.