2019 წლის 1 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინსპექტორობის ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორია წარუდგინა. საიას მიაჩნია, რომ ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის დროს კომისიამ დებულებით განსაზღვრული წესი დაარღვია. კერძოდ:
- კომისიის დებულება განსაზღვრავდა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის, სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, კომისიის დებულებაში ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო - კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ.[1]
- ზემოთ აღნიშნული საკითხების სამოტივაციო წერილში ასახვა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენდა. შესაბამისად, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, სამოტივაციო წერილის ნაწილში;
- კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველ ეტაპზე 48 პირმა გამოხატა, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული სამოტივაციო წერილი კი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დებულების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრება, მოწვეული იყო არა ერთი, არამედ 7 კანდიდატი (გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა);
- კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება 2019 წლის 1 ივნისს ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ორმა წევრმა (მათ შორის, საიას თავმჯდომარემ), გასაუბრების ეტაპზე, კონკრეტული პირების მოწვევამდე, კომისიას არაერთხელ სთხოვეს დებულების დაცვა, კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებულება მაინც დაირღვა და კომისიამ, ერთის ნაცვლად გასაუბრება 5 პირთან ჩაატარა (საიას თავმჯდომარემ, პროტესტის ნიშნად გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო).
საიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, გასაუბრების ეტაპზე მოეწვია არა ერთი კანდიდატი (ვის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილიც დებულებით დადგენილ წესს შეესაბამებოდა), არამედ სხვა კანდიდატებიც, ვისი სამოტივაციო წერილებიც დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევით იქნა წარმოდგენილი, აჩენს ეჭვს, რომ კომისია გასაუბრებას ფორმალურად მიუდგა. აღნიშნულ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია დებულების შესაბამისად იმოქმედებდა და გასაუბრებაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს დაიბარებდა, საჭირო გახდებოდა ხელახალი კონკურსის ჩატარება (სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრის არანაკლებ 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს). სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყო მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს (პრემიერმა კანდიდატები პარლამენტს უკვე წარუდგინა).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს.
[1] სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კომისიის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.