სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

2013-12-19 04:53
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 19 დეკემბერს კვლევის - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ პრეზენტაცია გამართა, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებულ ტენდენციების, ისე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. 

კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ყველა სამინისტროს, სახელმწიფოს მინისტრის აპარატებისა და შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით შერჩეული, მათ დაქვემდებარებაში მყოფი, 18 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ასევე, ასახულია, ამ მიმართულებით მონიტორინგს დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებათა ვებ-რესურსზე არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები.
 
მიუხედავად იმისა, რომ შესწავლილ დაწესებულებებთან მიმართებაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება, სრულად ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შედის, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ტენდენციები რაც კვლევამ აჩვენა და შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე. 
 
საია-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ: 
შესწავლილ საჯარო დაწესებულებათაგან, ამ ეტაპზე, არც ერთს არ განუთავსებია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად, რის გამოც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის 1 იანვრისთვის საჯარო დაწესებულებებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყონ დაკისრებული ვალდებულების შესრულება.;
შესწავლილ 38 საჯარო დაწესებულებათაგან მხოლოდ 23-ს გააჩნია საჯარო ინფორმაციის გვერდი, რომელიც რიგ შემთხვევაში არასრულად ან საერთოდ არ შეიცავს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას. 
შესწავლილი 38 საჯარო დაწესებულებებიდან მხოლოდ 15-ს აქვს მიღებული სამართლებრივი აქტი რომელიც შეიცავს შიდა ხასიათის მარეგულირებელ წესებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
მონიტორინგს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები არ არის ერთგვაროვანი ხასიათის, არ ახდენს საკითხის დეტალურ და ზედმიწევნით რეგულირებას, შესაბამისად შეიცავს განსხვავებული პრაქტიკის დანერგვის მაღალ ალბათობას. 
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ ეფექტური სისტემის შექმნის გარანტს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომლის მიღწევა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საერთო სტანდარტის შემუშავების შედეგად ხორციელდება. საქართველოში არსებული პრაქტიკის თანახმად სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა მიერ მიღებული არაერთგვაროვანი ხასიათის აქტები არ იძლევა აღნიშნული მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოიკვეთა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შერეული მოდელის უპირატესობა, რაც ინფორმაციის არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებების გვერდზე, არამედ დამოუკიდებელი ერთიან პორტალზე განთავსებასაც ითვალისწინებს. 
საია-ს მიაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ეფექტური სისტემის დანერგვისთვის საჭიროა შემუშავებული იქნეს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საერთო სტანდარტის დადგენას  შეუწყობს ხელს. 
 
ამასთან, გარდა საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის გვერდებისა, სასურველია არსებობდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ცენტრალიზებული პორტალი, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მომხმარებელს ერთი კონკრეტული ელექტრონული რესურსის გამოყენებით მოიძიოს მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია.