სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

2014-05-20 12:36
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში ახორციელებდა.
 
ანგარიში მოიცავს 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდს. ასევე ასახულია ის ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1 აპრილამდე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოჩენისათვის.
 
საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის 3, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1, ამომრჩევლის მოსყიდვის 1, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების 18, ფიზიკური ანგარიშსწორების 1 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა. 2014 წლის 10 აპრილს ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტებს, რამაც ცალკეულ შემთხვევებში ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედ გამგებელს დაუპირისპირდა.
 
კვლევის მიმდინარეობისას შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:  
2014 წელს საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული პოზიტიური სიახლეები აისახა, როგორიცაა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-მდე ზრდა, გამგებლებისა და მერების არჩევნებისათვის 50%-იანი ბარიერის დაწესება და სხვა. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, საარჩევნო კანონმდებლობის ბევრი არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, არ განხორციელებულა: არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, არ შედგა ბიომეტრიული სიები, არ გადაიხედა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და სხვა.  საინიციატივო ჯგუფებს არ მიეცათ  გამგებლის/მერობის კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა, რითაც გაუარესდა მოქმედი ნორმა. არ განხორციელებულა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც.
 
საანგარიშო პერიოდში უწყებათაშორისმა კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოსცა.  მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემურია კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების  შესრულების საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კომისია 24 მარტამდე უნდა შექმნილიყო, თუმცა კომისია დაგვიანებით, 3 აპრილს  შეიქმნა. 
საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. საია პოზიტიურად აფასებს ცესკოს თავმჯდომარის მოწოდებას საოლქო საარჩევნო კომისიებისადმი, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევნებისას  მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოეჩინათ. საიას მონიტორების ინფორმაციით, იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც საიას მონიტორებმა დაკვირვება განახორციელეს, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა.
 
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომისია შეიქმნა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.  
საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა სხვადასხვა პროექტების ინიცირების ფაქტები, რომლთა დაწყებაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივები მეტწილად სოციალურ ხასიათს ატარებენ და  მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში კანონი არ დარღვეულა, ჩნდება ლოგიკური კითხვები საბიუჯეტო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯვასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რათა მისი განცხადებით, ყველა პარტიას სრულფასოვანი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მისცემოდა.
 
პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. პრემიერ-მინისტრის მიერ მორატორიუმის გამოცხადება ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულებას წარმოადგენდა, რათა საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს სრულფასოვანი კამპანია ეწარმოებინათ.
 
გაუმჯობესებულია პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ ფუნქციონალური სამეურვეო საბჭოს გარეშეა დარჩენილი. არჩევნების წინ კვლავ აქტუალურია ცესკოს დადგენილება, რომელიც მედიას უწესებს შეზღუდვებს, გადაღება აწარმოოს კენჭისყრის შენობაში.