პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს იძულებით გადაადგილებული ქალის სარჩელი, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. დევნილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
ქობულეთში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალი ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით არ არის დაკმაყოფილებული და იძულებულია ძმის სახლში იცხოვროს. მან კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეავსო საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი განაცხადი და მიღებული ქულები საკმარისი იყო საცხოვრებლის მისაღებად, თუმცა, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“ მას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე (რადგან ცხოვრობდა ძმის სახლში).
ადმინისტრაციული ორგანოს ეს დასაბუთება კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა ფასდება ქულათა სისტემით. შესაბამისად, თუ მიღებული ქულები საკმარისია საცხოვრებლის მისაღებად, ეს ნიშნავს, რომ დევნილი საჭიროებს საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და ადმინისტრაციულმა ორგანომ სუბიექტური შეფასებით არ უნდა გადაუხვიოს მინიჭებული ქულის პრიორიტეტულობას. სამწუხაროდ, არაერთ დევნილს დაერღვა საცხოვრებლის უფლება ამგვარი დაუსაბუთებელი მიდგომით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10 მარტის განჩინებით, დადასტურდა, რომ დევნილს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“ ვალდებულია ამ საკითხზე ახალი გადაწყვეტილება მიიღოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის კანონიერ ძალაში შესული და ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია. საია იმედს გამოთქვამს, რომ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“ არ გამოიყენებს გასაჩივრების უფლებას და დროულად მიუბრუნდება დევნილის ქალის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვას.