სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თელავის ოფისის კიდევ ერთი წარმატება

2006-09-25 20:00
Featured image

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საიას თელავის ოფისი სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თელავში ინდივიდუალური გამრიცხველიანების ტარიფის კანონიერებას დადგენას მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი სპეციალურმა კომისიამ განიხილა, სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ დაწესებული ტარიფის არაკანონიერება დადასტურდა. ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის კომპანია მომხმარებლისგან 50, მოგვიანებით კი 72 ლარს ითხოვდა, რომელიც მოქალაქეებს 2 წლის განმავლობაში უნდა დაეფარათ.
 
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სემეკის სხდომაზე და ის მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდა. მარეგულირებელმა ორგანომ აუკრძალა სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას" აღნიშნული თანხის მოსახლეობისათვის დაკისრება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაევალა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მოხმარების კანონით დადგენილი ტარიფის დაკისრება. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს 13 თეთრის ნაცვლად ხშირად 17 თეთრს ახდევინებდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც მუშაობს ელექტოენერგიის მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევებზე და მოსახლეობის ინტერესებს იცავს.