სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თებერვლის თვის წარმატებული საქმეები

2015-03-04 10:42
Featured image

1. საიას იურისტები განაგრძობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას

საიას თბილისისა და ქუთაისის ოფისების დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სასამართლომ დამცავი ორდერები გამოსცა და მოძალადეებს ორივე შემთხვევაში აეკრძალა მსხვერპლთან ყველანაირი სახის ურთიერთობა, მათ შორის სატელეფონო კონტაქტი.
 
2. საიას დახმარებით სასამართლო პროცესი მოიგო ს.მ-მა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას უსაფუძვლოდ არ აძლევდნენ და  გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდნენ
 
საიას თბილისის ოფისი  იცავდა ს. მ.-ის ინტერესებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევდა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას. სასამართლოს  გადაწყვეტილებით, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქმედებები  საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის შესახებ და მას აეკრძალა ს.მ.-თვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შეფერხება.
 
3. საიას დახმარებით შ.გ.-მ თბილისის მერიას სასამართლო დავა მოუგო
 
საიას თბილისის ოფისი თბილისის მერიის წინააღმდეგ დავაში იცავდა შ.გ.-ს ინტერესებს. იგი 2012 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის წინ ცდილობდა ავტობუსის გაჩერებას, რა დროსაც ჩავარდა მის უკან არსებულ საკანალიზაციო ჭაში, რომელსაც ლუქი ჰქონდა ახდილი. აღნიშნული შემთხვევის შედეგად შ.გ.-მ მიიღო სხეულის დაზიანებები, დასჭირდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და დაენიშნა მკურნალობა.  სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკანალიზაციო ჭა იყო თავღია მდგომარეობაში და მერიის შესაბამისი სამსახური არ ახდენდა სათანადო რეაგიებას.  შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შ.გ-მ სხეულის დაზიანება მიიღო თბილისის მერიის ბრალით და შ.გ.-ს სასარგებლოდ დააკისრა მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების - 616,52 ლარის, მკურნალობისათვის გასაწევი ხარჯების - 786,8 ლარის, მიყენებული არაქონებრივი ზიანის - 1500 ლარის და მიუღებელი შემოსავლის (დაზიანების გამო შ.გ. ვეღარ დადიოდა სამსახურში) - 200 ლარის ანაზღაურება.
 
4. საიას დახმარებით მოქალაქეებს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქეს სასამართლომ არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას მოხმარებისათვის, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი. 
მეორე მოქალაქეს, რომელსაც საიას დუშეთის ოფისი იცავდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ედავებოდა სათანადო დოკუმენტების გარეშე ხე-ტყის გადაზიდვის გამო. საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, ა.ი. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და სასამართლო დასჯერდა მის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებას. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ  ა.ი.-ს მიერ ჩადენილი იქნა მცირე მნიშვნელობის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.  
 
5. საიას  დახმარებით  საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების  საკითხი  განმეორებით განსახილველად საჯარო დაწესებულებას დაუბრუნდა 
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ნ.ს.-ს ინტერესებს, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის 2013  წლის 06 დეკემბრის  ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა  სამტრედიის რაიონული პროკურატურიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ჩვენი ბენეფიციარის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, გაუქმდა მთავარი პროკურორის ბრძანება და პროკურატურას დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

6. საიამ კიდევ ერთი მოქალაქის შრომის უფლება დაიცვა
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ი.ყ-ს ინტერესებს, რომელიც  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანებით  უკანონოდ გათავისუფლდა ამავე ჰოსპიტლის  საიდუმლო საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰოსპიტალის გადაწყევტილება გაუქმდა და ჩვენი ბენეფიციარი აღდგენილი იქნა სამსახურში.
 
7. საიამ კიდევ ერთი მოქალაქის საკუთრების უფლება დაიცვა
 
საიას რუსთავის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ლ.მ.-ს ინტერესებს, რომლის მიწის ნაკვეთზე რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მესაკუთრის თანხმობის გარეშე უკანონოდ განათავსა სპორტული მოედანი. ლ.მ.-მ საიას რუსთავის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართა  სასამართლოს  საკრებულოს და მერიის წინააღმდეგ. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით  ლ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მერიას  დაევალა _ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ განთავსებული სპორტული მოედნის დემონტაჟი.