საიას თბილისის ოფისის ადვოკატი ახორციელებდა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის დ.ხ-ს ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმეზე.
დ. ხ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ძარცვის მცდელობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.
ბრალდების მიხედვით, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა, მის მეგობარ ი.ნ-სთან ერთად 2013 წლის 11 აპრილს სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ტაქსის მძღოლის კუთვნილ ფულად თანხას, თუმცა მძღოლმა მანქანიდან თავის დაღწევა მოახერხა და შესაბამისად ბრალდებულებმა განზრახვის ასრულება ვერ შეძლეს.
ბრალდების აღნიშნული პოზიცია არსებითად ემყარებოდა მხოლოდ ტაქსის მძღოლის ჩვენებას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ჩვენებებს, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა მძღოლის მონათხრობს და შესაბამისად, არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა.
დაცვის მხარის პოზიციის თანახმად: დ.ხ-სა და ტაქსის მძღოლს შორის ადგილი ჰქონდა პირადი მოტივით წარმოშობილ ურთიერთშელაპარაკებას და ძარცვის განზრახვა ბრალდებულებს არ ჰქონიათ.
სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და დ.ხ. უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან მისი ქმედება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა), სასჯელის სახედ კი შეუფარდა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, ჩაუთვალა მოხდილად და სასამართლომ დ.ხ. სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.