სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შენიშვნების გათვალისწინება „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტში

2013-10-21 02:13
Featured image

საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი (აღნიშნული დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა). 

საია ჩართული იყო აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებში ჩართულობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის გზით. დოკუმენტის განხილვისას საიას წარმომადგენლები აქტიურად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს სხვადახვა საკითხზე, მომზადებულ იქნა წერილობითი დასკვნა. საიას შენიშვნების ნაწილი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ასახულია, რაც მისასალმებელია. გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:

პოლიცია აღარ არის გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა; 
პოლიციური ღონისძიება, რომელიც იწვევს უფლებების შეზღუდვას, დაიშვება არა კანონქვემდებარე აქტის, არამედ მხოლოდ კანონის საფუძველზე;
ახალი კანონის პროექტით, პოლიციას უფლება აქვს პირი შეტყობინებით მოიწვიოს პოლიციის ორგანოში გასაუბრების მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საიას რეკომენდაციის შედეგად, პირს მოწვევის შესახებ შეტყობინებაშივე ეცნობება პოლიციაში გამოცხადებისა და პოლიციის განყოფილების დატოვების ნებაყოფლობითობის შესახებ;
ახალი კანონის პროექტით, პოლიცია უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ის ფლობს პოლიციის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას. საიას რეკომენდაციის შედეგად კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ასეთი გამოკითხვის დროს მოქალაქის მიერ ინფორმაციის გაცმა ნებაყოფლობითია, რის შესახებაც მას დასაწყისშივე უნდა განემარტოს;
კანონპროექტის მიხედვით, კანონით დადგენილ შემთხვევებში პოლიციას უფლება აქვს პირის იდენტიფიკაციისათვის მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: თითის ანაბეჭდების აღება, ფოტოსურათის გადაღება თუ სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება. საიას შენიშვნის შედეგად კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ „პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა“;
პოლიციას უფლება აქვს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას გააჩეროს პირი და განახორციელოს მისი ზედაპირული შემოწმება, ასევე ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება. საიას რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად აღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს რამდენიმე გარანტია იმოქმედებს. კერძოდ: პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს; ნივთისა და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით; ზედაპირული შემოწმებისას ჩხრეკის საფუძვლის წარმოშობისას ჩხრეკა უნდა ჩატარდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით; 
სპეციალური საპოლიციო კონტროლისას (ე.წ. რეიდი) ხორციელდება მხოლოდ  ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
პირის იდენტიფიკაციისას, პირის მოწვევის შედეგად მასთან გასაუბრებისას, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერებისას შედგება ოქმი, სადაც სხვა ფაქტობრივ ინფორმაციასთან ერთად მითითებული იქნება ღონისძიების გატარების საფუძვლები;
გენინსპექცია დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
 
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საიას რამდენიმე სხვა მოსაზრებაც მხედველობაში იქნა მიღებული. ამასთან, დღის წესრიგში რჩება მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც ამ ეტაპზე არ მომხდარა. აღნიშნული შეეხება პოლიციის დეპოლიტიზაციასა და მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა (დეტალებისათვის, იხ. საიას სამართლებრივი დასკვნა). გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიციის სისტემური რეფორმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირეული ცვლილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვა, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ ნორმებისა, რომლებიც აშკარა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციითა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში გააგრძელებენ ამ საკითხებზე მუშაობას. საია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ორივე უწყებასთან პოლიციისა და ზოგადად შსს-ს რეფორმირების პროცესში.