კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. თუმცა, დაფიქსირდა რიგი დარღვევები, რომლებიც სცდებოდა პროცედურული ხასიათის პრობლემებს.
კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 147 საჩივარი (აქედან - 66 საჩივარი საოლქო კომისიის დონეზე) და 162 შენიშვნა.
კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება და მათი მობილიზება ხმის მიცემის მიზნით თბილისში.
აღნიშნული წარმოადგენდა კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, რამაც ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლის ნების თავისუფლების პრინციპს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ტენდენციას არათუ არ შეწინააღმდეგებია ცესკო, არამედ თავისი საჯარო განცხადებით გაამართლა და წაახალისა კიდეც მსგავსი ფაქტები.
ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლი
მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან იდგნენ საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და აღრიცხავდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.
დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესი იყო არა უბნებზე მისული ამომრჩევლის ზოგადი რაოდენობის დადგენა, არამედ მისული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირება. არაერთმა ჩვენმა მონიტორმა დააფიქსირა, რომ მას შემდეგ, რაც სუბიექტის წარმომადგენლები აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, უკვე უბნის გარეთ მყოფი პარტიული კოორდინატორები საუბრობდნენ იმაზე თუ ვინ არ იყო იმ დროისათვის გამოცხადებული უბანზე და ხდებოდა მათი მობილიზება ხმის მისაცემად.
საიამ, კენჭისყრის დღეს, დილის 10:00 საათზე საჯაროდ ისაუბრა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, შეაფასა ისინი, როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების პრინციპს. საიამ საჯაროდ მოუწოდა საარჩევნო კომისიებს, აღეკვეთათ მსგავსი პრაქტიკა. სამწუხაროდ, ცესკომ, ნაცვლად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებისა, საჯარო განცხადებით და ქვემდგომი ადმინისტრაციების მისამართით გაცემული ზეპირი განმარტებით, გაამართლა აღნიშნული პრაქტიკა და ამით წაახალისა მისი გაგრძელება.
სარჩევნო კომისიის წევრებთან არასათანადო კომუნიკაცია
გლდანის ერთ-ერთ უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრმა მიიღო სმს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ნომერზე სმს-ით ან ზარით უნდა ეცნობებინა „ინფორმაცია უბანზე მოსული ამომრჩევლის, მერის მომხრეების, (ქართული) ოცნების მომხრეების და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობის შესახებ თითოეული ინფორმაციის გაგების თანავე“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ მალევე განახორციელა ზარი საუბნო კომისიაში, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე არ ეპასუხათ.
ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენს მიერ განხორციელდა ზარი აღნიშნულ ნომერზე და პირმა, რომელმაც გვიპასუხა, თავი გაგვაცნო, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა.
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები
საია მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა ჩვენი დამვირვებლებისათვის რიგ უბნებზე კანონით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში ხელშეშლის, გაძევების ან გაძევების მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასასურველი სამუშაო გარემოს შექმნის შემთხვევებზე. აღნიშნულს განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ჩვენი დამკვირვებლები აფიქსირებდნენ პრობლემებს და წერდნენ შენიშვნას ან საჩივარს.
დაკვირვება საოლქო საარჩევნო კომისიებში - სივრცითი მოწყობის პრობლემები
ცესკოს 2017 წლის 25 აგვისტოს N40 დადგენილებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებს საოლქო კომისიაში მიმდინარე პროცესის ორგანიზებულად წარმართვას ერთიან და გამჭვირვალე სივრცეში, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, აღნიშნული რეკომენდაცია არ სრულდება:
საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება და სივრცითი მოწყობა არ ქმნის სათანადო პირობებს პროცესებზე სრულყოფილი დაკვირვებისთვის. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კომისიის რიგი წევრები დღის სხვადასხვა მონაკვეთში ცალკე იკრიბებიან გარკვეულ საკითხებზე სამსჯელოდ, თუმცა ეს დისკუსიები ოლქში მიმდინარე საერთო პროცესის პარალელურად, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მათი შინაარსი არ არის ღია და ხელმისაწვდომი დამკვირვებლებისთვის. მსგავსი ფაქტები ხელს არ უწყობს საოლქო კომისიებში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას.
ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საოლქო კომისიამ არ უზრუნველყო უბნებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების ხელმისაწვდომობა დამკვირვებლებისათვის. იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-დახარისხება ატარებდა ქაოტურ ხასიათს.
გუშინ, ცესკოს ჩარევის შედეგად აღნიშნული შემთხვევები აღმოიფხვრა.
მსგავსი პრობლემები არ წარმოადგენს სიახლეს და კვლავაც აქტუალური იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, დროულად გადაიდგას ნაბიჯები აღნიშნულის პრობლემების ინსტიტუციურ და ნორმატიულ დონეზე მოსაგვარებლად.
უბნების ადაპტაციის პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ უბნების ნაწილი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი
არაერთ უბანზე დაფიქსირდა დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმების პრობლემები. გარკვეული ხარვეზებით წარიმართა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი მაგალითად თელავში #27 უბანზე, სადაც უბნიდან დაიკარგა მერის არჩევნების ოქმი. ასევე, ხარვეზების ფონზე წარიმართა ხმის დათვლის პროცესი ფოთის #31 უბანზეც, სადაც სადავო გახდა რამდენიმე ბიულეტენის ნამდვილობა.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.