სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სარჩელების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუუნარობის მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო

2014-10-09 10:46
Featured image
2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2011 და 2012 წლებში საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სასარჩელო მოთხოვნები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქმედუუნარობის არსებული მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო.
 
სამოქალაქო კოდექსით ფსიქიკური აშლილობისა და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებს ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში ერთმეოდათ ყველა უფლების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის მაღაზიაში მცირე ღირებულების სასურსათო პროდუქტის შეძენა. სამოქალაქო ურთიერთობებში ქმედუუნარო ადამიანის ნაცვლად მონაწილეობდა მისი მეურვე და ამასთან, პირის ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში, არ ხდებოდა ადამიანის უნარების ინდივიდუალური შეფასება (კერძოდ, ის, რომ ადამიანს მენტალური პრობლემების მიუხედავად შესაძლოა ჰქონდა წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების შესაძლებლობა, მაგრამ მას, მას არ შეეძლო მრავალმილიონიან ტრაზაქციებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება), ქმედუუნარობის ქართული მოდელი ნიშნავდა ყველა უფლების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობის წართმევას, რაც ადამიანის პიროვნული უფლების მძიმე ფორმით ხელყოფას წარმოადგენდა.
 
უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნარო ადამიანები, თუკი მათ გააჩნიათ სათანადო უნარები, შეიძენენ ქორწინების უფლებასაც.
 
საია მიესალმება ადამიანის უფლებაზე ორიენტირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს საკანონმდებლო რეფორმის პროცესში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა განახორციელოს.