საია იცავდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის პერიოდში ერთ-ერთი დირექტორის/ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. საიას დახმარებით, მან სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს 2018 წლის აპრილში მიმართა. მსხვერპლმა წარდგენილ საჩივარში ასევე მიუთითა, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა ორგანიზაციის დირექტორს, თუმცა, მან მომხდარ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.
2019 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროებით გამოხატულ სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. რეკომენდაციის მიღებისას სახალხო დამცველი დაეყრდნო მხარეთა გამოკითხვას და სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებულ ინფორმაციას და აუდიო ჩანაწერებს, რომლის საფუძველზეც დადგინა, რომ პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.
სახალხო დამცველმა ფიზიკურ პირს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განახორციელა, მიმართა რეკომენდაციით, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.