სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სადამკვირვებლო მისიის შესახებ

2016-09-14 18:23
Featured image

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად  8 ივნისს დაიწყო. ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და  სამეგრელოში აკვირდება.

დაკვირვების მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე. საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.

როგორც წესი, საიას მონიტორები ყურადღებას ისეთ საკითხებზე ამახვილებენ, როგორებიცაა:

  • საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება:  რამდენად პროფესიული კადრებით არის დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციები (საუბნო, საოლქო კომისიები) და რამდენად კანონიერად ხდება მათი შერჩევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების გამოვლენა/აღკვეთა: ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება/გამოყენება კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ (სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგი, საჯარო მოხელეების ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში სამუშაო საათების განმავლობაში და ა.შ.);
  • ამომრჩევლის ნების თავისუფლებისათვის ხელმშემწყობი გარემო: რამდენად თავისუფალია წინასაარჩევნო გარემო ძალადობის, დაშინების, ზეწოლისაგან: რამდენად ხდება ამომრჩეველზე ზეგავლენა/დაშინება/მუქარა/ფიზიკური ანგარიშსწორება;
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები:  ხომ არ ხდება შემოწირულობების, წინასაარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებისა და  სხვა პოლიტიკური დაფინანსების კანონმდებლობით განსაზღვრული წესების  დარღვევები;
  • საარჩევნო სუბიექტების უფლებები და ვალდებულებები: რამდენად თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოა და ხომ არ ხდება საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები, ხომ არ ხდება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ (პოლიტიკური პარტიის წევრი, პოლიტიკური პარტიის აქტივისტი, პოლიტიკური პარტიის კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი და პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული პირი) სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმის წარმოება პოლიტიკური მოტივაციით;
  • მედიის სამუშაო გარემო: ფიქსირდება თუ არა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები; ჟურნალისტის იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან  და ხდება თუ არა მედიასაშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო: რამდენად რეალიზებულია პოლიტიკური/საარჩევნო უფლებები და რამდენად თანასწორი გარემოა ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

 

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის ინფორმაციას თუ საჩივრებს  წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სხვა შესაბამის უწყებებში,  კანონით გათვალისწინებული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით,.  

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი განცხადებება/საჩივრების სტატისტიკა, სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:

  • საარჩევნო ადმინისტრაცია - 14
  • მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - 3
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური - 3
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია - 2
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია - 9
  • თბილისის საქალაქო სასამართლო - 3
  • სააპელაციო სასამართლო - 2შესაბამისი სახელმწიფო უწყებების რეაგირების დროულობას, კანონიერებასა და მართებულობას წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საია მოგვიანებით ეტაპზე შეაფასებს. ასევე ცალკე წარვუდგენთ საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდში წარმოებული საარჩევნო დავების შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს.  

ბიულეტენში მოყვანილი  (სავარაუდო) დარღვევების შესახებ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საიას დამატებით აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგებსაც ასევე გავაცნობთ საზოგადოებას.

ორგანიზაცია, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული და ინკლუზიური არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე საარჩევნო წელს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.