სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სადამკვირვებლო მისია

2014-07-11 14:03
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

მერების/გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვა მნიშვნელოვანია არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისათვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ გარემოში წარიმართება და მიღებული შედეგები ადეკვატურად აისახება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. 
  
საია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების  მეორე ტურს თბილისსა და  13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.  ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
 
საიას დამკვირვებლები იქნებიან შემდეგ ოლქებში:
 
თბილისის 10 ოლქი, ასევე - 
1. ბათუმი;
2. ქობულეთი;
3. თერჯოლა;
4. ხონი;
5. ბაღდათი;
6. ტყიბული;
7. ოზურგეთი;
8. მარტვილი;
9. გორი;
10. რუსთავი;
11. თელავი;
12. ყვარელი;
13. მცხეთა.
 
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63  დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). 
 
პრესკონფერენციები გაიმართება: 10:00 საათზე; 16:00 საათსა და 20:30 საათზე. ხოლო 13 ივლისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 11:00 საათზე.

 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.