2004 წელს დავით მირცხულავამ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს. 2007 წლიდან დ. მირცხულავას ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) პარტნიორობით იცავს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 2 ივლისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები ასეთია: დავით მირცხულავას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სომხეთის რესპუბლიკიდან 1998-1999 წლებში მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისას დაშვებული სამართალდარღვევების ფაქტზე. საქართველოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით დ. მირცხულავა ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ფაქტზე და მას მიესაჯა თავისულების აღკვეთა 6 წლისა და 7 თვის ვადით. 2008 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდა.
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 § 1,3,4 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 § 2 ( უდანაშაულობის პრეზუმფცია) და მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა) დარღვევა. 2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომელსაც მომჩივანი დათანხმდა.
საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად, აღიარა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა დ. მირცხულავას მიმართ: მე-3 მუხლი, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ გაწეული არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო, მე-5 § 1 და 3 მუხლი, მომჩივნის დაკავებისას არსებული ხარვეზებისა და დაკავების კანონიერების შეფასებისას სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო, ასევე მე-6 § 2 მუხლი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ 2005 წლის თებერვალში გაკეთებული საჯარო განცხადებით მომჩივნის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო. ამასთან, სახელმწიფომ დ. მირცხულავას სასარგებლოდ დარღვეული უფლებების კომპენსაციის მიზნით 5 000 ევროს გადახდის ვალდებულებაც აიღო.
ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. საია, როგორც მომჩივნის წარმომადგენელი, განჩინების აღსრულებას აქტიურად დააკვირდება.