სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას რუსთავის ოფისი

2012-11-23 16:46
Featured image
ქ. რუსთავი, 3700; კოსტავას ქუჩა 15/ა
საკონსულტაციო ტელეფონები:  (0341) 255337; (0341) 240566  
ელექტრონული ფოსტა: rustavi@gyla.ge
 
ზოგადი ინფორმაცია
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი  დაფუძნდა 1995  წელს 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ.  
რუსთავის ოფისი  საკმაოდ ახლოსაა  ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონთან და აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს. 
წლების განმავლობაში რუსთავის ოფისის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების, შრომის უფლების და უსაფრთხო გარემოს დაცვა.   
 
დაფარვის ზონა:  ქვემო ქართლის რეგიონის რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის,  თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის მუნიციპალიტეტები.
 
თანამშრომლები:
ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე ფავლენიშვილი
 
ადვოკატები:
მიხეილ ლურსმანაშვილი
ნათია ქოქიაშვილი
ეკატერინე მიდოდაშვილი
 
ძირითადი საქმიანობანი
რუსთავის  ოფისი  საქმიანობს   საია-ს  სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად: 
 
1) ადამიანის უფლებები:
ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია. 
  • სატელეფონო კონსულტაცია;  
  • პირადი კონსულტაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; 
  • გასვლითი  იურიდიული კონსულტაცია  ქვემო ქართლის  რეგიონის სოფლებში;
 
ბ)  წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. 
გ)  საიას რუსთავის ოფისი ეხმარება  როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის  სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებაში.
 
2) ცნობიერების ამაღლება
საიას რუსთავის ოფისი  ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე.  სემინარები უტარდებათ  ჟურნალისტებს, პედაგოგებს,  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. აგრეთვე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს  კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების შესახებ. სემინარებსა და მრგვალ  მაგიდებზე განხილული იყო საზოგადოებისათვის აქტუალური შემდეგი თემები:
 
  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებები“
  • საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის შესახებ
  • ეროვნული უმცირესობების უფლებები და მათი ინტეგრაცია 
  • საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებანი
  • ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმოხილვა
  • ოჯახური ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა
  • პასუხისმგებლობა ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის გამო
  • საბიუჯეტო პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობაში
  • ინფორმაციის თავისუფლების პრობლემები საქართველოში
  • ბავშვთა უფლებები
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები
  • გამოხატვის თავისუფლება
 
საია-ს რუსთავის ოფისი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ავტო-ტურებს ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის  მუნიციპალიტეტების სოფლებში. ავტო-ტურზე  საია-ს იურისტები აწყობენ შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან, მათ აწოდებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ურიგებენ საია-ს მიერ გამოცემულ ბროშურებს. 
ავტო-ტურებზე საია-ს იურისტები ეცნობიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ადგილობრივი მნიშვნელობის  პრობლემებს, ახდენენ  მათ ადვოკატირებას, რაც  მთელ რიგ შემთხვევებში წარმატებით მთავრდება და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. საია-ს იურისტები ხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი  ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე  ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს. მათ სთავაზობენ თანამშრომლობას მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.
საია-ს რუსთავის ოფისმა 2012 წელს განახორციელა ავტო-ტური მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: დრე, ორბეთი, ახალი ზირბითი, თონეთი, სამღერეთი, ჭივჭავი, ლიპაიფნარი, ყოლბანი, ერცისი, ბორბალო, ვაშლოვანი, ირგანჩაი, წინწყარო, ხაიში, ბაილარი, წერეთელი, კაპანახჩი, ილმაზლო, ქეშალო, აბდალო, მუშევანი, კიანეთი, ყირმიზქენდი, ბუდიონოვკა, ახალი დიოკნისი, ბალიჭი,  მაშავერა, იაყუბლო, ქარიანი,  კამარლო, დაბა კაზრეთი. მოქალაქეები ინფორმირებულ იქნენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. მათ შორის, „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ შესულ ცვლილებებზე,  საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, მიწების დაკანონებაზე, სააქტო ჩანაწერებში არასწორი მონაცემების შესწორებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზე, პენსიისა და სოციალური დახმარების დანიშვნაზე. საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა 605 მოქალაქე.