საია იცავდა იმ ექვსი მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში, რომლებიც ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას და მათ მიმართ სამართალდამცავმა უწყებამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. კერძოდ, მშვიდობიანი შეკრების დროს, როდესაც მოქალაქეები კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში მოქმედებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები (საჯარიმო ქვითრები) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
საიას დახმარებით, მოქალაქეებმა ჯერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს მათ წინააღმდეგ გამოცემული სამართალდარღვევის ოქმები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ თითოეული პირის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი, რადგან არ დადასტურდა მათი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შედეგად ექვსივე პირის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მათ მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სანქცია გაუქმდა.