საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს ვახტანგ და კონსტანტინე კომახიძეების ინტერესებს
2010-05-19 10:05
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებულმა ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, რომელიც წარმოადგენს ვახტანგ და კონსტანტინე კომახიძეების ინტერესებს, 2010 წლის 19 მაისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ტელეკომპანიის “რეალ TV” წინააღმდეგ.
მოსარჩელეები, ვახტანგ და კონსტანტინე კომახიძეები, სარჩელით მოითხოვენ ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისათვის ზიანის ანაზღაურებას.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 9 თებერვალს “რეალ TV”-ის გადაცემაში გასულ სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვახტანგ კომახიძის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის გადაწყვეტილებას, გადმოცემულია არსებითად მცდარი, ცილისმწამებლური ფაქტები.
ამასთან, მოსარჩელეების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ კომახიძე საჯარო პირია, გადაცემით დაირღვა სამართლიანი ბალანსი გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამართლიანი ბალანსის დარღვევამ შელახა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული მათი პატივისა და ღირსების უფლება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებათა მოპოვების შემდეგ, სასამართლოში სარჩელი წარდგენილ იქნა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონით დადგენილ 100 დღიან ვადაში.