30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია. კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი ჩატარდა პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში. კვლევის პრიორიტებების განსაზღვრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.
კვლევის აქტუალურობა განაპირობა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრის აუცილებლობამ, რადგან დღის წესრიგში დგას ქვეყანაში შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზის შექმნის საჭიროება. ამდენად, კვლევა მიზნად ისახავდა შეესწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილება უცხოელთა ლეგალურად დასაქმების პროცედურების შესახებ. შერჩეულ იქნა ევროკავშირის სამი სახელმწიფო: ჰოლანდია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთი. კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებული ამ სახელმწიფოების პრაქტიკა მუშაობის ნებართვის მიღების პროცედურების, ბინადრობის ნებართვის, შრომის ინსპექტირების პროცესის, ინსპექციაზე პასუხისმგებელი უწყებების, ინსპექტორების კომპეტენციების შესახებ. აღნიშნული პრაქტიკა დაეხმარება სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შრომითი მიგრაციის საკანონმდებლობა ბაზის შექმნის პროცესში.
კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდია, გერმანია და პოლონეთი სხვადასხვაგვარად არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობას, ასევე, დარღვევების გამოვლენას და ამგვარ შემთხვევებზე სანქციების დაწესებას.
ზემოთ დასახელებულმა სამივე ქვეყანამ შეძლო უცხოელი შრომითი იმიგრანტების მიზიდვა - ჰოლანდიასა და გერმანიაში სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე მუშახელი, ძირითადად, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან შედის, ხოლო პოლონეთი, ტრადიციულად, პოპულარულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სეზონური დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შორის.
მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ სამ ქვეყანაში არა მხოლოდ უცხოელების დასაქმების ლეგალურობის მაკონტროლებელი ინსტიტუტები, არამედ დარღვევის შემთხვევაში გატარებული სანქციებიც. გერმანული სისტემა ერთმანეთისგან მიჯნავს დასაქმების ლეგალურობის კონტროლისა და თაღლითობასთან ბრძოლას იმ შემთხვევებისგან, რომლებიც ეხება სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შემოწმებას. დასაქმების ლეგალურობის კონტროლი ფედერალურ კომპეტენციას წარმოადგენს და ექვემდებარება დარღვევების გმოვლენისა და გამოძიების სახელმწიფო სისტემას, რომელიც ევროკავშირისა და შენგენის ზონის გაფართოების შემდეგ მალევე შეიქმნა საბაჟო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად. გერმანიისგან განსხვავებით, პოლონეთისა და ჰოლანდიაში შრომის კანონმდებლობის განხორციელების შემოწმების ვალდებულება შრომის ინსპექტორებს აკისრიათ. ჰოლანდიურმა სისტემამ, მიუხედავად ინსპექტორების რაოდენობის შემცირებისა, მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა ინსპექტორების დონე. ამავე დროს, პოლონეთში სანქციების გამკაცრების კვალდაკვალ იკლო არალეგალური მიგრაციის მასშტაბებმა.