სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

2014-11-07 11:12
Featured image
საიას დახმარებით  ნ.ლ.-ს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა
 
საიას თბილისის ოფისი იცავდა ნ.ლ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა ე.წ. რეიდების დროს დააკავეს და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ლ-ს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა.  
 
საიას დახმარებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილება
 
2011 წლიდან საიას თბილისი ოფისი იცავდა ცხინვალიდან დევნილ შ.გ.-ის ინტერესებს, რომელიც იძულებით იქნა გამოსახლებული სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ ისე, რომ სანაცვლოდ ალტერნატიული საცხოვრებელი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ, საბოლოოდ დადგინდა, რომ შ.გ.-ის გამოსახლებისას დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა შ.გ.-ის სტანდარტებთან შესაბამისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
 
საიას დახმარებით ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის ყოფილ თანამდებობის პირს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ
 
საიას თბილისის ოფისი იცავდა გ.ფ-ს ინტერესებს, რომელიც ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს ყოფილ თანამდებობის პირს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების გამო. სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის დასაბუთება და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისათვის მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სამინისტროს ყოფილ თანამდებობის პირს  დაეკისრათ გ.ფ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 8 000 ლარის ოდენობით, ასევე გაწეული სასამართლო ხარჯების, კერძოდ  ბაჟის ანაზღურება 595 ლარის ოდენობით. 
 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატრიმრის სათანადო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება დაევალა
 
საიას თბილისის ოფისი იცავდა ვ.ჯ.-ის ინტერესებს, რომელიც სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მას უარს ეუბნებოდა  „ც“  ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის ჩატარებაზე. სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატის არგუმენტაცია და სამინისტროს დაავალა  ვ.ჯ.- თვის  „ც“ ქრონიკულ ვირუსულ ჰეპატიტზე სათანადო გამოკვლევისა და გამოკვლევის  შედეგების ადეკვატური მკურნალობის ჩატარება.
 
საიას დახმარებით, მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის ანაზღაურებას მიიღებს
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ი.ბ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო. აღნიშნული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ი.ბ-მ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დატოვა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ, საქართველოს მთავარ პროკურატურას ი.ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 2700 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 2300 ლარის ანაზღაურება. 
 
საიას დახმარებით, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა მოხდა
 
საიას თელავის ოფისის დახმარებით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მამას დააკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით.