საიამ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.
საია დადებითად აფასებს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინციატივას, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ მთელ რიგ დამატებით ფორმებს.
თუმცა, მიუხედავად ზოგადი პოზიტიური ფონისა საია ეხმიანება ცალკეულ საკითხებს, რომლებიც დამატებით დამუშავებას საჭიროებენ. მათ შორისაა: მუნიციპალიტეტის დისკრეცია ჩაატაროს საერთო კრება ქალაქსა და დასახლებაში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საერთო კრების საქმიანობის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობა, საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს - საზოგადოებრივი საბჭოს გაუქმება, საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილებების დეტალურად განსაზღვრის საჭიროება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დადგენის აუცილებლობა და სხვა საკითხები.
ამასთანავე, ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების განსაზღვრასთან ერთად, ასევე შეიცავს გარკვეულ ცვლილებებს მუნიციპალიტეტის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ ანგარიშვალდებულების კუთხით, საიას მიერ პარლამენტში წარდგენილი დასკვნა დასახელებულ საკითხებთან მიმართებითაც შეიცავს მოსაზრებებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.