სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მოსაზრებები პარლამენტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტზე

2019-01-29 12:01
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებები წარუდგინა.[1] საია მიესალმება პარლამენტის წევრების ინიციატივას სოციალური მეწარმეობის საკითხების ერთიანი საკანონმდებლო რეგულირების თაობაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სოციალური საწარმოების სამართლებრივი და ფინანსური გარანტიების შექმნა, ქვეყანაში არსებულ სოციალური საწარმოებს დახმარება და სოციალური მიზნებით ახალი საწარმოების შექმნის წახალისება. საიას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რათა საკანონდებლო მოწესრიგება შეესაბამებოდეს სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს.

საიას მოსაზრებები ეხება კანონპროექტში მოცემულ შემდეგ საკითხებს: სოციალური მეწარმეობის არსი და საქმიანობის სფეროების შეზღუდვა, სოციალური საწარმოს სტატუსის მიღების წესი, სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო ხელშეწყობა, სოციალური საწარმოების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა და მარეგულირებელი ორგანოს შექმნის საჭიროება.

 

1. სოციალური მეწარმეობის არსი და საქმიანობის სფეროების შეზღუდვა - კანონპროექტის მე-3 მუხლი სოციალური საწარმოს შექმნას უშვებს მხოლოდ განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში. მიგვაჩნია, რომ სოციალური საწარმოების შექმნისათვის კანონმდებლობით სფეროების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, რადგან დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა,  სოციალური მიზნების არსებობის მიუხედავად, სხვა სფეროებში დააფუძნონ სოციალური საწარმო და ისარგებლონ შესაბამისი გარანტიებით. სფეროების შეზღუდვა ამცირებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. მსოფლიო მასშტაბით, არაერთი სოციალური საწარმო არსებობს ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. გარდა ამისა, ამ შეზღუდვით უკვე არსებულ, სხვა სფეროში მოღვაწე არაკომერციულ იურიდიულ პირებს ერთმევათ უფლება, გარდაისახონ სოციალურ საწარმოებად, რაც მათ მდგომარეობას არსებითად გააუარესებს.[2] ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „მოწყვლადი ჯგუფების“ დეფინიციას და მნიშვნელოვანია, რომ განიმარტოს სოციალური საწარმოს მიზნებისათვის ვინ ჩაითვლება მოწყვლად ჯგუფებად.

2. სოციალური საწარმოს სტატუსი და მიღების წეს- კანონპროექტის მე-4 მუხლი ადგენს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური საწარმო, თუმცა მოთხოვნების უმეტესობა ბუნდოვანია და საჭიროებს დამატებით განმარტებას. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს თუ რა იგულისხმება სახელმწიფოსადმი „პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებასა და დაქვემდებარებაში,“ რათა თავიდან ავირიდოთ სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სოციალური საწარმოს სტატუსის გაუქმების 5 წლიან ვადას, რისი დადგენაც არაგონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ შესაძლებელია 5 წლის გასვლის შემდეგ ვერ დააკმაყოფილოს სოციალური საწარმოსათვის დადგენილი მოთხოვნები და კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს მისთვის სოციალური სტატუსის ჩამორთმევის მექანიზმი.

კანონპროექტის მიხედვით, სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, „თუ საწარმოს აქტივები არ იქნება საკმარისი, მის პარტნიორებს, მეპაიეებსა და აქციონერებს წარმოეშობათ სოლიდარული ვალდებულება დააბრუნონ ის (ფულადი სახსრები და/ან ქონება), რომელიც სოციალური საწარმოს სტატუსთან დაკავშირებული შეღავათის გამო მიიღო საწარმომ, პარტნიორმა, მეპაიემ ან აქციონერმა.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.“

კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, „საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სფეროებში...“ „უფლება აქვს მოითხოვოს სოციალური საწარმოს სტატუსის რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით საწარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები.“ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტმა არ გაითვალისწინოს მსგავსი ხასიათის გამონაკლისები და სოციალური საწარმოს სტატუსი მიიღონ მხოლოდ იმ საწარმოებმა, რომელიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“

3სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო ხელშეწყობა - კანონპროექტის მე-8 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის ღონისძიებებს, თუმცა მათი შინაარსი დეკლარაციული ხასიათისაა და არ უთითებს შემოთავაზებული ღონისძიებების პრაქტიკაში განხორციელების მექანიზმებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტმა ნათლად განსაზღვროს თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონპროექტში მითითებული ღონისძიებები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ნათლად და დეტალურად მოწესრიგდეს, თუ რა სტანდარტის დაცვით უნდა მიანიჭოს სახელმწიფომ პრიორიტეტი სოციალური საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქტსა და მომსახურებას, თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში.

4. სოციალური საწარმოების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა/მარეგულირებელი ორგანო - მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავდა სოციალური საწარმოების საქმიანობის მონიტორინგის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას, პროექტი არ შეიცავს შესაბამის დებულებებს და არ განსაზღვრავს, თუ რომელი ორგანოს მიერ და რა ფორმით ხდება აღნიშნული ფუნქციის შესრულება. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტმა დეტალურად განსაზღვროს სახელმწიფოს მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, მონიტორინგის წესი და მექანიზმები, ასევე აღნიშნული ორგანოს დაფინანსების წყარო, რათა საწარმოების მიერ არ მოხდეს სოციალური სტატუსისა და შეღავათების არაკეთილსინდისიერად გამოყენება. სოციალური საწარმოების მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დეწესებულების ან დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ. 

„სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გაიმართება და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკომონიკური პოლიტიკის კომიტეტია წამყვანი კომიტეტი.

 


[1] საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათაშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე, ცოტნე ზურაბიანი. ხელმისაწვდომია - https://info.parliament.ge/#law-drafting/16647

[2] მაგალითად: საქართველოში ტრანსპორტის სფეროში არსებობს სოციალური ტაქსი - http://segeorgia.org/exmore.php?NID=179