2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-ის ეთერში გავიდა ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის
საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „უმაღლესი კომფორტი“ . ფილმი შეიცავს ინტერვიუებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებთან, მათ მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნებში მივლინებების დროს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
ჯაბა ანანიძის განცხადებით, ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, იმავე საღამოს მას ტელეფონზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე. ჟურნალისტმა აწარმოა სატელეფონო საუბრის
ჩანაწერი, რომლის ნაწილი გამოქვეყნდა ტელეარხი 25-ის 2014 წლის 9 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში . ჩანაწერში მედეა ვასაძე ჟურნალისტს მუქარის ტონით ესაუბრება და ეუბნება: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას, ყველა მაგ ფაქტს წაგიქცევ მე შენ ცოტა ხანში;“ „ჯაბა, ცოლი გყავს შენ? ეხლა რა მინდა გითხრა მე შენ. იცი ქალაქში რა ხმები დადის შენზე? საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო, ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვქვეშ;“ „აი მე ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა რომ შენ, ჯაბა ანანიძე, რო აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ რცხვენია, აი ამას ვეტყვი მე ხვალ პროკურორს, რამდენ ხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი და მედეა ვასაძე.“
ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის სატელეფონო საუბარი წარმოადგენს ზეწოლას ჟურნალისტზე მომავალში არ მოამზადოს კრიტიკული მასალა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ. მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჟურნალისტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას. მომხდარი წარმოადგენს მედიის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას და შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს ღირებულებებთან.
ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ მედეა ვასაძის დამოკიდებულება ჟურნალისტის საქმიანობისადმი ახდენს მთლიანად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას. ამის გამო აუცილებლად მიგვაჩნია აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ იმსჯელოს და დააფიქსიროს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მომხდარ ფაქტზე.