სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ასარჩევად მიმდინარე კონკურსს ეხმაურება

2013-10-24 09:02
Featured image

2013 წლის 17 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში, ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა კი ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად კონკურსი გაგრძელდება.   

ასეთი შემთხვევისთვის - როცა მრჩევლობის კანდიდატი ვერ მიიღებს არჩევისთვის საკმარის ხმებს - ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 355 მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურებს.

2013 წლის 22 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურისტმა გელა ღოღობერიძემ მედიისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ კონკურსის პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურშიც საბჭოში მოქმედ ხუთივე ფრაქციას აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატები მრჩეველთა საბჭოს დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე. ფრაქცია "ქართული ოცნება აჭარას" ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ კი განაცხადა, რომ კანონით მინიჭებულ უფლებას, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა,  კონკურსის მეორე ტურშიც გამოიყენებს. 
 
გვსურს, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი, ივლისში ამოქმედებული იმ ცვილებების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ფორმირების წესს განსაზღვრავს და რომელთა შემუშავებაში საია აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 355 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქციების უფლება - წარადგინონ მრჩეველთა კანდიდატურები - პროპორციულად ნაწილდება ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და დანარჩენი დეპუტატების მიერ წარდგენილი მრჩევლის კანდიდატების საბჭოს მიერ ცალ-ცალკე არჩევის წესს და მიუთითებს ცალკეული ფრაქციებისა და დეპუტატებისათვის გამოყოფილ კვოტებზე. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 355-ე მუხლი განმარტებული უნდა იყოს იმგვარად, რომ საბოლოოდ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრის კანდიდატურის წარდგენა მოხდეს ცალკეული ფრაქციების და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისთვის განსაზღვრული კვოტის შესაბამისად, რომელიც ფრაქციების შემთხვევაში გამოითვლება ფრაქციაში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად. 
 
მედიაში გავრცელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ამ წესისგან განსხვავებული წესით არჩევაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობის პირთა შეფასებები არ შეესაბამება კანონს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ასარჩევად მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონით დადგენილი პრინციპების დაცვით.