სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები

2014-06-06 22:56
Featured image
საიას დახმარებით არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
 
არასრულწლოვან გ.ს.-ს ბრალი ედებოდა ქურდობის დახმარებაში. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა გ.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. საიას თბილისის ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და ალტერნატივის სახით იშუამდგომლა  პირადი თავდებობის გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პირადი თავდებობა. ამის შემდეგ, პროკურატურამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და გააფორმა განრიდების ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს ბენეფიციარს დაევალა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით რამდენიმე პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა
 
საიას ადვოკატის დახმარებით მოქალაქეები ვ.ა. და ი.ხ. გათავისუფლდნენ  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.
 
საიას ადვოკატი სასამართლოში იცავდა მ.ს-ს ინტერესებს, რომელიც ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით  ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით  სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. მ.ს-მ საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილებით მ.ს. გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.
  
საიას დახმარებით შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია“ საჩხერის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. აღნიშნულმა რელევიზიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არაუგვიანეს 55-ე  დღისა  არ წარადგინა ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის და სარეკლამო დროის ფასის შესახებ. კომისიამ 2014 წლის 14 მაისს აღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიას შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება). ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის მიერ გადაიგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ადვოკატების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთ აღნიშნული მედიასაშუალების მიერ ჩადენილი იყო მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
 
საიას დახმარებით დევნილმა საცხოვრებელი ფართი თბილისში მიიღო
 
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა დევნილი ნ.ჩ.-ს ინტერესებს. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მიტოვებულ საყარაულო ჯიხურში, რომელიც არ აკმაყოფილებდა სათანადო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტებსაც კი. მან 2013 წლის აგვისტოში შეავსო განაცხადი, რათა კრიტერიუმების შესაბამისად მიეღო საცხოვრებელი ფართი. 2013 წლის დეკემბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილით ეცნობა, რომ მან დააგროვა 6 ქულა რაც არ იყო საკმარისი იმ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად. სამინისტროს მიერ მინიჭებული ქულები გასაჩივრდა მინისტრის სახელზე, რომელმაც არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი. საბოლოოდ, წარდგენილ იქნა სარჩელი სასამართლოში. აღნიშნულის შემდგომ, სამინისტროს წერილით ამცნო ნ.ჩ-ს რომ მისთვის მინიჭებული ქულები შეიცვალა და ნაცვლად 6 ქულისა მას მიენიჭა 10 ქულა. აღნიშნული ქულის საფუძველე, ნ. ჩ.-მ 2014 წლის 29 მაისს საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში მიიღო.
 
საიას დახმარებით მოქალაქე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ იქნა ცნობილი
 
საიას ქუთაისის ფილიალი საადვოკატო დახმარებას უწევდა ჯ.შ-ს. მას ქ. ზუგდიდში მდებარე 600 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი  დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი  დაირეგისტრირა სახელმწიფომ და შემდეგ შეიტანა შპს „აგრომეტის“ საწესდებო კაპიტალში.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ჯ.შ-მ თავისი უფლებების დასაცავად მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ამავე სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც ჯ.შ.  მისი კუთვნილი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ცნობილ იქნა შპს „აგრომეტის“ საკუთრებაში არსებული იმავე ფართის და ღირებულების სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრედ.
 
საიას  ადვოკატის  დახმარებით  მოძალადეს აეკრძალა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის  მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება
 
2014 წლის 14 მაისს რუსთავის საქალაქო  სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ე.ნ-ს  განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ე.ნ-ს  მიმართ მისი ყოფილი მეუღლის ა.გ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტები. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მსხვერპლის, ე.ნ-ს მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან მიახლოება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ  იქნა 4 თვის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოძალადის მიერ არ გასაჩივრებულა.
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა უკანონოდ დარიცხული ჯარიმის გადახდისაგან
 
საიას აჭარის ფილიალი ბათუმის საქალაქო სასამართლოში იცავდა მოქალაქე ნ.დ-ს ინტერესებს, რომლის მიმართაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გამოტანილი ჰქონდა დადგენილება 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ. დაჯარიმების საფუძვლად მერია მიუთითებდა ნ.დ-ს მიერ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, მიუხედავად იმისა რომ ნ.დ.-ს გააჩნდა ნებართვა მშენებლობაზე. 
საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ (მერიამ) ბათილად ცნო მის მიერვე გამოცემული აქტი ნ.დ-ს დაჯარიმების შესახებ. ამდენად, ის განთავისუფლდა უკანონოდ დარიცხული ჯარიმის გადახდისაგან და სასამართლოშიც შეწყდა საქმის წარმოება.