სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კვლევის პრეზენტაცია - "გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - მედიის მდგომარეობის ანალიზი"

2013-12-18 04:09
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა ჩაატარა კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელშიც გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიის მდგომარეობა 2006 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. 
 
კვლევის მიზანს წარმოადგენს მედიის კუთხით გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა და ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხელშეწყობა. 
 
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, განხორციელდა მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობის და საქართველოში მედიის მდგომარეობის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზი. 
 
კვლევაში წარმოდგენილია კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და საიას რეკომენდაციები ქვეყანაში მედიის გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.  
 
ღონისძიებას დაესწრებიან სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
 
პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის - ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას (IREX G-MEDIA) -ფარგლებში. 
 
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.