სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კვლევა: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა საქართველოში

2017-09-28 12:55
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 28 სექტემბერს, აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის სტატისტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ძირითად ტენდენციებს ასახავს, 8 თვიან პერიოდზე დაკვირვების შედეგად.

2017 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საიამ, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, 98 ადმინისტრაციულ ორგანოში 277 განცხადება წარადგინა. მოთხოვნილი, გაცემული, უპასუხოდ დატოვებული და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევების ანალიზის შედეგად, შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

გაცემული საჯარო ინფორმაცია

  • წარდგენილი 277 განცხადებიდან 184 განცხადებაზე (66,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილი პასუხი გასცეს, ხოლო 32 შემთხვევაში (11,6%) ნაწილობრივი. გარდა ამისა, 26 განცხადების შემთხვევაში (9,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი განცხადეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, 24 განცხადება (8,7%) უპასუხოდ იქნა დატოვებული. 2 განცხადებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაზუსტება/განმარტება ითხოვეს, ხოლო 9 განცხადება ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარე იყო (3,9%).

ვადის გადაცილება

  • გამოწვევად რჩება მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა.  ზემოთ აღნიშნული 277 განცხადებიდან, 1-5 დღემდე ვადის გადაცილებით მოხდა საჯარო ინფორმაციის გაცემა 17 შემთხვევაში. ხოლო 11 შემთხვევაში, ვადის გადაცილებამ ორ კვირაზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, საჯარო ინფორმაციის ვადის დარღვევით გაცემის წინააღმდეგ ეფექტურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს და ყველა ასეთი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია  ვადის მოთხოვნების დარღვევით გასცეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიდერობენ.

უპასუხო განცხადებები

  • მიერ გაგზავნილი 277 განცხადებიდან ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთოდ უპასუხოდ დარჩა 24 განცხადება. ყველაზე ხშირად უპასუხოდ განცხადებებს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დაწესებულები ტოვებდნენ. საერთო სასამართლოებმა ჯამში 7 განცხადება დატოვეს უპასუხოდ. 4 განცხადება დატოვა უპასუხოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. ასევე 4 განცხადება დატოვეს უპასუხოდ თვითმმართველმა ქალაქებმა (ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი). ხოლო დანარჩენი 9 უპასუხოდ დატოვებული განცხადებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებზე მოდის. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება რომ უპასუხოდ დატოვებული განცხადებების სტატისტიკის მიმართულებით საერთო სასამართლოები ლიდერობენ.  გამოდის, რომ ხელისუფლების სწორედ ის შტო არღვევს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ყველაზე ხშირად, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში დავის საბოლოო არბიტრი და შემფასებელი უნდა იყოს.

 

უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

  • ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი 277 განცხადებიდან, 26 განცხადების შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი განაცხადეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ყველაზე ხშირად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (7 შემთხვევა) და თბილისის საქალაქო სასამართლო  (6 შემთხვევა) აცხადებდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის დროს ყველა შემთხვევაში კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებდნენ. მაგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 3 შემთხვევაში იმ მოტივით განაცხადა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომ ინფორმაციის დამუშავება მოითხოვდა დიდ დროს და რესურს. ასევე, ვერ უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის დამუშავებას.

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, ვადის გადაცილება, ინფორმაციის არგაცემა და სრულყოფილად არგაცემა შესაძლებელია განპირობებული იყოს რესურსების ნაკლებობით კონკრეტულ დაწესებულებაში, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული მიზეზი არ წარმოადგენს ინფორმაციის არგაცემის, არასრულყოფილად გაცემის ან ვადის დარღვევის ლეგიტიმურ საფუძველს და არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ვალდებულებებისგან.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა თვალსაზრისით მაღალ დონეზე მომზადებული კანოპროექტისა, გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. არსებული პროექტის დროულად მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამასთან, საია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები.

იხ.ინფოგრაფიკა > https://gyla.ge/files/gallery/logoebi/untitled%20folder/FOI-report-I%20(002).png