სასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გ.გ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
გ.გ-ს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მან საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რითაც სახელმწიფოს მიადგა 10200 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. აღსანიშნავია რომ ამ პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იგივე ბრალდებაზე გამოტანილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც მოგვანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და გ.გ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დადგენილად მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად არ იყო საკმარისი. შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.გ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 07 ნოემბრის განაჩენი და მსჯავრდებული გ.გ. უდანაშაულოდ ცნო.
მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
2014 წლის 10 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, მ.ქ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა მ.ქ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის ა.მ-ს მიმართ, ყოფილი მეუღლის გ.მ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტები. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მსხვერპლების მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, მათ საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 3 თვის ვადით.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან კიდევ ერთი მოქალაქე გათავისუფლდა
საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა მოქალაქე დ.თ-ს ინტერესებს, რომელიც თბილისში, საახალწლო ბაზრობაზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამოყვანილ კავკასიური ნაძვის ნერგებს ყიდდა. მაკონტროლებელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის მოთხოვნისთანავე დ.თ-მ მას წარუდგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის თემის რწუნებულის მიერ გაცემული ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ. მიუხედავად ამისა, დ.თ-ს ჩამოართვეს ნაძვის ხის ნერგები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებისათვის.
საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმე და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ.თ-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
მოქალაქეებს აუნაზღაურდათ სახელფასო დავალიანება
საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა ზ.ბ-ს, თ.კ-ს და სხვათა (სულ 10 პირი) ინტერესებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი იყვნენ შ.პ.ს „ადითის“ ჩოხატაურის ფილიალში. წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მათ სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინაააღმდეგ.
საიას დახმარებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ადითს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 36812 ლარის, ასევე შრომის ანაზღაურების ყოველი დაყოვნებული დღისთვის 0.07 % -ს - 3040 ლარის ანაზღაურება.