საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კახა გულორდავამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გოგა ანჩაბაძე, ცემა, ყური მოაჭრა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულის მოტივი ანჩაბაძის მიერ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობა იყო. როგორც ირკვევა ანჩაბაძე გულორდავას ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა.
გოგა ანჩაბაძე მოთავსებულ იქნა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს ქუთაისში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი ასევე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. კახა გულორდავა იმავე საღამოს თავად გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება:
დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელზე, ძალადობა აკრძალულია და ისჯება კანონით. როგორი მძიმე დანაშაულიც უნდა ჩაიდინოს სხვამ, არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი რამ არ დაუშვას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კახა გულორდავას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.
აქვე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ადექვატური და სამართლიანი რეაგირება ასევე გულისხმობს არა მხოლოდ გულორდავას, არამედ პოლიციის თანამშრომელ ანჩაბაძის ქმედებების სრულყოფილ, სწრაფ, მიუკერძოებელ გამოძიებას და, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, მის დასჯას კანონით გათვალისწინებული წესით. ამავე დროს, აუცილებელია, გამოძიების პროცესში გოგა ანჩაბაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
აღნიშნული საქმის გამოძიებისა თუ სასამართლოში საქმის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გულორდავას ქმედება იყო რეაქცია ანჩაბაძის მხრიდან არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივი ნორმების სრულ უგულვებელყოფაზე; ასევე, გულორდავა თავად ჩაბარდა პოლიციას და აღიარა ჩადენილი.
როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში ,,სსკ") 118-ე მუხლით. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ სსკ-ს 118-ე მუხლის ნაცვლად მოცემულ შემთხვევაში ხომ არ არის სხვა მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა. კერძოდ, სსკ-ს 121-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ..." სსკ-ს 121-ე მუხლი 118-ე მუხლთან შედარებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არასწორი იქნება გულორდავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ,,პატიმრობა, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.“
თუ გავითვალისწინებთ საქმის გარემოებებს და განსაკუთრებით იმას, რომ კ.გულორდავა ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და ჩადენილი დანაშაული აღიარა, ცხადი ხდება რომ პატიმრობის გამოყენება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაში მოვა.
საგულისხმოა, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გულორდავას, ისევე როგორც მის ფეხმძიმე მეუღლეს, ესაჭიროება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რასაც პატიმრობა მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც 118-ე ასევე 121-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქ სასჯელთა სახეებსაც ითვალისწინებენ.