სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე

2014-06-07 18:31
Featured image
შეშფოთებას გამოვთქვამთ 6 ივნისს, ზუგდიდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს უარი თქვან ძალადობაზე.
 
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის წინ გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ათეულობით მოქალაქემ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქმის გამოძიებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის თენგიზ გუნავასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდნენ. აქციაში ჩართული პირები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თენგიზ გუნავას მონაწილეობასაც აპროტესტებდნენ. აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მონაწილეებმა ნაციონალური მოძრაობის შტაბს ქვები ესროლეს და ოფისში შეჭრა სცადეს. დაზიანება მიიღო  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე მაქაცარიამ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 2 მონაწილე დააკავა.
 
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივნისს განცხადება გაავრცელა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, გაუჩინარებული პაატა ქარდავას საქმე გახსნილად გამოაცხადა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  პაატა ქარდავას საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებდა.
 
6 ივნისს  მომხდარი კონფლიქტის შესახებ პოლიტიკურმა ძალებმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს საიას.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საიას დამკვირვებელს განუცხადეს, რომ აქციაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში შეჭრა სცადეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათივე განცხადებით, პოლიცია მას შემდეგ შეეცადა კონფლიქტის განმუხტვას, რაც შემთხვევის ადგილას საერთაშორისო დამკვირვებლები მივიდნენ.
 
საიას დამკვირვებელთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უარყვეს მათი წარმომადგენლების მონაწილეობა აქციაში და განაცხადეს, რომ თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, ასეთ პირთა მიმართ პარტია შესაბამის ზომებს მიიღებდა. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს აქციაში მათი იმ წარმომადგენლების მონაწილეობა, რომლებიც ქარდავას ოჯახის ნათესავები იყვნენ.
 
თავისუფალი და არაძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. ხელისუფლების, კერძოდ, კი სამართალდამცავთა ვალდებულებაა არა მხოლოდ სამართალდარღვევაზე რეაგირება, არამედ, ეფექტური პრევენციული მოქმედებებით ფიზიკური დაპირისპირების თუ სხვა სახის სამართალდარღვევის თავიდან არიდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძალადობრივი აქტების შემცველი ინციდენტების პრევენცია წინასაარჩევნო პერიოდში.  
შესაბამისად მოვუწოდებთ:
 
სამართალდამცავ ორგანოებს - სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ დაპირისპირების  წამომწყებ და კონფლიქტში ჩართულ პირებს. მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გაატაროს კანონით დადგენილი ყველა შესაძლო ღონისძიება ძალადობის პრევენციისათვის.
 
პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ ყველა პირს - უარი თქვას ძალადობაზე,  ოპონენტი კანდიდატების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მსგავსი ფაქტები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.