საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება უვადო პატიმრობამისჯილი პირების მიერ შიმშილობის გამოცხადების ფაქტს. თემის სენსიტიურობიდან და პატიმრობის საკითხებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს. ამასთან, ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
ამგვარი სასჯელის არსებობა, როცა იგი სამართლიანად და პროპორციულობის პრინციპების დაცვითაა გამოყენებული, ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - დაიცვას საზოგადოება საფრთხისა და დანაშაულისაგან. თუმცა, საიას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და სხვა უფლებადამცველი ინსტიტუტების მსგავსად (1) მიაჩნია, რომ არასწორია, კანონმდებელმა ან სასამართლომ ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ მიაკუთვნოს მუდმივი საფრთხის მატარებლის კატეგორიას და ამ მოტივით დაუკარგოს მას გათავისუფლების რეალური შესაძლებლობა და იმედი.
მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უვადო პატიმრობის გამოყენების გადახედვის შესაძლებლობას (2), მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი ზღვარი ზედმეტად მაღალია (20-25 წელი) და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებული მექანიზმის ეფექტურობას.
შესაბამისად, ვფიქრობთ, უპრიანია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასჯელის შეცვლის ან უვადო პატიმრობამისჯილი პირის გათავისუფლების საკითხის განხილვა ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს საკითხის დადებითად გადაწყვეტას. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველი კონკრეტული პატიმრის პიროვნების და ქცევის ინდივიდუალურად შეფასების საფუძველზე. მან უნდა იმსჯელოს სასჯელის შეცვლასთან ან პირის პატიმრობისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ რისკებზე და მათი მართვის შესაძლებლობებზე, ასევე გაითვალისწინოს მოცემული პიროვნების საზოგადოებაში რეინტეგრაციის და მის მიერ კანონმორჩილი ცხოვრების დაწყების/გაგრძელების სურვილი და შესაძლებლობა.
აქვე გვსურს განმარტება გავაკეთოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეწყალების შესაძლებლობასთან მიმართებაში, რომელიც ასევე ეხებათ უვადო პატიმრობამისჯილ პირებს. ა.წ. მარტში მიღებულ საქართველოს პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებაში „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ (3) აღნიშნულია, რომ უვადო პატიმრობამისჯილ პირებს შეწყალება შეიძლება შეეხოთ, თუ მათ მოხდილი აქვთ პატიმრობის 15 წელი. (ცვლილებებამდე აღნიშნული ვადა განსაზღვრული იყო 25 წლით. საია ამ ვადის შემცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო).
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა ცვლილებამ შექმნა მექანიზმი, რომელიც შესაძლებობას იძლევა, გონივრულ ვადაში გადაიხედოს უვადო პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რაც მისასალმებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებამ რეალურად იმუშავოს პრაქტიკაში. ამასთან, ეს ცვლილებები ვერ ჩაანაცვლებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით არ არის დადგენილი კომისიის სავალდებულო შეკრების ვალდებულება გარკვეული პერიოდულობით. მისი მოწვევა, წარმოადგენს პრეზიდენტის დისკრეციას. ვფიქრობთ, სასჯელის გადახედვის (ე.ი. კომისიის მიერ ამ საკითხზე მსჯელობის) შესაძლებლობის გაჩენა არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე თანამდებობის პირის ან ორგანოს დისკრეციაზე, ეს გარანტირებული უნდა იყოს კანონით. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სისხლის სამართლის კოდექსში.
ამასთან, ხაზგასმით გვსურს ავღნიშნოთ, რომ, როგორც ჩვენთვის მოწერილი წერილები ცხადყოფს, უვადო პატიმრობამისჯილი პირების ერთ-ერთ მოთხოვნას, არაერთი სხვა პატიმრის მსგავსად, წარმოადგენს უკანონო განაჩენების გადახედვის ეფექტური მექნიზმის შექმნა. ამ საკითხზე საიას არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ უკანონო პატიმრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ უმძიმეს დარღვევას. სახელმწიფო ვალდებულია, დროულად შექმნას ამგვარი მექანიზმი და უზრუნველყოს მისი ეფექტურობა, რათა განახორციელოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან თუ პირთან, რათა მომზადდეს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით, და უზრუნვეყლფილ იქნას მათი პრაქტიკაში რეალიზაცია.
(1) როგორც წამების წინააღმდეგ კომიტეტმა თავის ანგარიშებში აღნიშნა, არაჰუმანურია პირს მიუსაჯო სამუდამო თავისუფლების აღკვეთა გათავისუფლების რეალური იმედის გარეშე. (უნგრეთში (2007) და შვეიცარიაში(2011) ვიზიტთან დაკავშირებით მომზადეულ ანგარიშები) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, როცა ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შესაძლებლობას გარკვეული პერიოდულობით გადაიხედოს კონკრეტულ პატიმართან მიმართებაში უვადო პატიმრობის გამოყენების გაგრძელების აუცილებლობა, უვადო პატიმრობა შეუსაბამოა კონვენციის მე-3 მუხლთან, რომელიც კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. (ვინტერი და სხვები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, დიდი პალატის გადაწყვეტილება, 2013.)
(2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს სასჯელის მოხდა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უვადო მსჯავრდებულს შეიძლება თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს სასჯელის სხვა სახით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი. ამ შემთხვევაშიც, პატიმარს სასჯელი უნდა შეუცვალოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ თუ ეს უკანასკნელი სასჯელის შეცვლას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
სსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებული შეიძლება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდეს ხანდაზმულობის გამო ან თუ დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით. ამ შემთხევვაში არ არის დაწესებული ვადები კონკრეტულად რამდენი უნდა ჰქონდეს მოხდილი ვადიან თუ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს.
(3) საქართველოს პრეზიდენტის № 120 ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ (2014 წლის 27 მარტი)