სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება შსს-ს „პასუხზე“

2009-05-12 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ “შსს-ს პასუხს დემონსტრაციების მსვლელობის დროს გამოთქმული ბრალდებების შესახებ.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით “დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, “დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება”. იმავე კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, `წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ”. ასეთი კი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირების, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირების, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს  მიერ მიწოდებული ცნობები, აგრეთვე ცნობები, რომლებიც მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, იმ ადგილებზე, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების ფიზიკურ შეურაცხყოფას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანები პატრულირებდნენ. შესაბამისად, ისინი არათუ აღნიშნული უფლებათა დარღვევის თვითმხილველები იყვნენ, არამედ ვალდებულნი იყვნენ თავად დაუყოვნებლივ მოეხდინათ რეაგირება.

ცნობები მომიტინგეების დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ასევე არაერთხელ გახმაურდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ასევე მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსთაველის გამზირზე 11 აპრილს, დაახლოვებით 23:00 საათზე მომხდარი “ინციდენტი ხანმოკლე იყო და პოლიციის ჩარევას არ საჭიროებდა,” მიუხედავად იმისა, რომ მათივე განცხადებით, “ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს” დამლაგებელთა ჯგუფს, ასევე “დაზიანებულ იქნა კომპიუტერები და ხმის აპარატურა.”

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის, ასევე 2005 წლის 15 დეკემბერის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #1310 ბრძანების თანახმად, საპატრულო პოლიციის პირდაპირ მოვალეობაში შედის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და დანაშაულის აღკვეთა, ასევე “მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების” უზრუნველყოფა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს დემონსტრაციების მონაწილეთა უსაფრთხოება; აღკვეთოს ძალადობის შემთხვევბი; დაუყოვნებლივ გამოიძიოს უფლებათადარღვევის თითოეული ფაქტი და შესაბამის პასუხისმგებლობა დააკისროს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალოებების განხორციელების დროს.