სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ

2014-01-30 04:43
Featured image

კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით ყველა შესაძლო ღონისძინება უნდა გაატაროს.

ბოლო პერიოდში მედია საშუალებებში აქტიურად შუქდებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე გერმანელი და ქართველი მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი პრეისტორიული ხანის მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მეცნიერთა ნაწილის აზრით,  მაღარო უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ის დღემდე გამოვლენილ, პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია მსოფლიოში და ძვ.წ.აღ.  IV-III  ათასწლეულებით თარიღდება. 

ბუნებრივია, საია ვერ შევა დისკუსიის იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საკითხის სამართლებრივ მხარეს და შესაბამისი დარგის სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მაშინ როცა არქეოლოგები და გეოლოგები საყდრისი-ყაჩაღიანის რეალურ ღირებულებაზე დაობენ, უაღრესად საგულისხმოა 2014 წლის 27 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არქეოლოგის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნით სხვა სპეციალისტებთან ერთად უშუალოდ იმყოფებოდა საყდრისში. მისივე ინფორმაციით, იმ ადგილას სადაც წლების განმავლობაში ქართულ-გერმანული ექსპედიცია მუშაობდა და სადაც უძველესი შახტები და ადრე ბრინჯაოს ხანის მასალებია გამოვლენილი, დღეს მიწით არის შევსებული. მორღვეულია ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ 2013 წელში ობიექტზე გათხრილი ორი ახალი შესასვლელი. 
 
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დღევანდელი მდგომარეობით საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს მოხსნილი აქვს როგორც  კულტურული მემკვიდრეობის, ასევე არქეოლოგიური  ზონის დაცვის სტატუსები. მიუხედავად ამისა, საყდრისი-ყაჩაღიანი მაინც რჩება არქეოლოგიური ობიექტად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას.  
 
მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე როდესაც, ერთი მხრივ, დღემდე სხვადასხვა მხარეს შორის მიმდინარეობს დავა ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს არ ეძლევათ არქეოლოგიური ობიექტის მონახულების საშუალება და პარალელურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია არქეოლოგიური ობიექტის შესაძლო სახეცვლისა და დაზიანების შესახებ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც, ,,თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა,  ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში". 
 
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემა და ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას, რაც არსებითად გაზრდის საყდრისი-ყაჩაღიანის დაცვის შესაძლებლობას. ამასთან, გონივრული იქნება თუკი შეიქმნება გამოცდილი ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც რეალურად დადგინდება საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული ღირებულება.
 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ,,ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან". შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათანადო კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე პრეისტორიული ხანის მაღარო არ აღმოჩნდება მსოფლიოში ყველაზე ძველი, ეს გარემოება თავისთავად არ უნდა გახდეს ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგანაც ობიექტის სიძველე სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და არა ერთადერთს.