საია იცავს საიხან მუზაევის ინტერესებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს.
საიხან მუზაევი სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებდა. ამისათვის, მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო თანხა. თუმცა 2014 წლის 13 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მოგვიანებით, მან კიდევ თორმეტჯერ სცადა გამგზავრება, თუმცა ყოველ ჯერზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ანალოგიურ უკანონო ქმედებას წააწყდა.
მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემას და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს.
საიას ადვოკატის განცხადებაზე, თუ რატომ ეზღუდებოდა საიხან მუზაევს გადაადგილების თავისუფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გვეცნობა, რომ მათთვის ,,უცნობია იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საიხან მუზაევის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების შეზღუდვას.“
ქვეყნის დატოვებაში ხელშეშლის აკრძალვისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საიხან მუზაევმა საიას დახმარებით სასამართლოს მიმართა.
2014 წლის 12 ივნისს სასამართლო პროცესი გადაიდო შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, იმ მოტივით, რომ შსს-ს წარმომადგენელი იმავე დღეს მივლინებით იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 27 ივნისს დანიშნულ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა პროცესის გადადება იმ საფუძვლით, რომ იყო ავად და არ შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება (თუმცა შუამდგომლობას არ ერთვოდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი). მართალია, შსს-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლო სხდომის განხილვა მოსამზადებელ ეტაპზე 4 აგვისტოსთვის გადაიდო.
შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს საიხან მუზაევის მიმართ გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა. აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო უზრუნველყოფს საქმის დროულად განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას.