საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ქალთა მიმართ ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არც კულტურული, არც რელიგიური თუ სხვა მოტივებით გამართლება არ გააჩნია. დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქალის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს, შექმნილია თავშესაფრები მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რომელთაც აკისრიათ უპირველესი ვალდებულება მოახდინონ ეფექტური რეაგირება ძალადობის ფაქტებზე, გაიარეს არაერთი ტრენინგი შესაბამისი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არაადეკვატური და არაეფექტურია.
ამასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში გამოყენებული იყო მოძალადის მიმართ გაფრთხილება. ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ცემის და ფიზიკური შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შეტანილ განცხადებებზე გაფრთხილება არ წარმოადგენს პოლიციის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევებში საქმეზე უნდა დაიწყოს გამოძიება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100). საყურადღებოა, რომ შსს-ს მისამართით არაადეკვატური რეაგირების შესახებ ბრალდება
სხვა შემთხვევებშიც გაჟღერდა
.
საია ყურადღებით სწვლობს ქალთა მკვლელობების შემთხვევებს. ერთ-ერთ საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვან რეაგირებასთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად. გამოვთქვამთ მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ასევე დაღუპული ქალების ოჯახის წევრებს და მათივე სურვილის შემთხვევაში, წარმოვადგინოთ მათი ინტერესები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებში.
მიუღებელია, რომ ქალთა მკვლელობების ფაქტებზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დღემდე არ გაკეთებულა ნათელი და მკაფიო განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო არ შეეგუება ოჯახში ძალადობას და სათანადო პასუხს გასცემს მოძალადეებს.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას:
• მიიღოს სასწრაფო ზომები დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად და ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტური პრევენციისათვის.
• კრიტიკულად გააანალიზოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და მიიღოს უსწრაფესი ზომები არსებული ხარვეზების აღმოსაფრხველად, ასევე აწარმოოს პროაქტული პოლიტიკა ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით.
• გააძლიეროს ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს.
• განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციებს (1) და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მათი დროული და ჯეროვანი შესრულებისათვის; ასევე უზრუნველყოს გაძლიერებული კოორდინაცია სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს შორის და უზრუნველყოს სისხლის სამართლის სისტემის ყველა დონეზე (პოლიცია, პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები) ინტენსიური თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ გენდერული ძალადობის მსხვერპლებთან. (2)
მოვუწოდებთ შსს და პროკურატურას:
• დეტალურად შეისწავლონ ქალთა მკვლელობების თითოეულ შემთხვევაში მიმართა თუ არა მსხვერპლმა პოლიციის და/ან პროკურატურის მუშაკებს და რამდენად დროული, ეფექტური და ჯეროვანი რეაგირება განახორციელეს მათ მსგავს ფაქტებზე. ამ უკანასკნელთა მხრიდან არაჯეროვანი რეაგირების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, უნდა იქნეს შესწავლილი ხომ არ იკვეთება პოლიცილეთა უმოქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოს, განსაკუთრებით კი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ადამიანის უფლებათა კომიტეტს:
• მოსთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური ანგარიშის წარმოდგენა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც შსს ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მისთვის დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში, ასევე პროკურატურას - იმ საქმეებთან მიმართებაში, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და უზრუნველყოს ამ ანგარიშების განხილვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
მოვუწოდებთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, განსაკუთრებით რელიგიურ ინსტიტუტებს:
• საჯაროდ და უპირობოდ დაგმონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება; ამავე დროს, თავი შეიკავონ ყველა იმ მოქმედებისგან, რამაც შეიძლება თუნდაც არაპირდაპირ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას.
(1) გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, დასკვნითი მოსაზრებები, საქართველო, 24 ივლისი, 2014 წ, CEDAW/C/GEO/CO/4-5*
(2) Fatma Yildirim v. Austria, პარაგრ.12.3 (c) CEDAW/C/39/D/6/2005