სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება N7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით

2014-10-21 10:55
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.

საიასთვის ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის შედეგად შეუძლოდ გახდა მსჯავრდებული ბ.დ., რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა  ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მოინახულა საიას იურისტმა, ხოლო 17 ოქტომბერს ბ.დ. დააბრუნეს N7 დაწესებულებაში.
 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ N7 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები იმყოფებიან მათთვის ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, 2014 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა რეკომენდაციით, სადაც აღნიშნავს, რომ N7 დაწესებულების საკნებში: არ არსებობს სათანადო ვენტილაცია და განათება; ბუნებრივი სინათლე არ აღწევს სასეირნო ადგილებზეც კი, შესაბამისად პატიმრები მუდმივად განიცდიან ჟანგბადის უკმარისობას; რიგი საკნების ფართობი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს; არ არსებობს ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა; პატიმრებს საკანშივე უხდებათ ტანსაცმლის გარეცხვა და გაშრობა, ვინაიდან არ არსებობს სამრეცხაო; კვლავ პრობლემატურია ჰიგიენის დაცვა და იქმნება გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე. საპყრობილე არის ცივი, ბნელი, უჰაერო, ნესტიანი და უსუფთაო. ჩვენს წინაშე წარმოდგენილ   განცხადებაში მსჯავრდებულები დამატებით აღნიშნავენ, რომ საპირფარეშოებში არ არის წყლის ავზი და გამწოვი სისტემა  (საპირფარეშო მოთავსებულია საკანში).
 
მსჯავრდებულთა მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადების, ახსნა-განმარტებებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დასკვნებზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ N7 დაწესებულებაში უხეშად ირღვევა პატიმართა უფლებები, რომელიც გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით.
 
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში აკისრებს სახელმწიფოებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყონ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის საჯელის მოხდის სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიუთითა, რომ ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად ის ვალდებულია მოაწყოს თავისი პენიტენციალური სისტემა ისე, რომ უზრუნველყოს პატიმრების  ღირსების პატივისცემა (იხ. ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ, პ.76-77; პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ, პ.48; ალიევი საქართველოს წინააღმდეგ, პ.71; გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ, პ.41). 
 
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, საკნების სათანადო ვენტილაციისა და ბუნებრივი განათების გათვალისწინებით.
 
საია გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს და წარმოადგინოს N7 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ინტერესები, როგორც ეროვნულ, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს წინაშე.