2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე, ხოლო 2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა კანონპროექტი ‘საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მანამდე საჯარო დისკუსია არ გამართულა და ოფიციალურად არც პარლამენტი და არც საზოგადოება ყოფილა ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის მიზანი შეიქმნას მოქნილი სახელმწიფო აპარატი, შემცირდეს ბიუროკრატია და მოხდეს ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძირეული ცვლილებები დაიგეგმა საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო დისკუსიების გამართვის გარეშე. განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები განპირობებულია საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური და ფუნქციური ანალიზის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ამ დროისათვის არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განხილავს, რაც გულისხმობს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას ერთ კვირაში სამი მოსმენით. მსგავსი ტიპის მასშტაბური ცვლილებების დაჩქარებული ტემპით განხილვა, ერთი მხრივ, პარლამენტის წევრებს ართმევს შესაძლებლობას სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და სრულყოფილი ხედვა ჩამოიყალიბონ დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქტიკულად გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და დაინტერესებული პირების ჩართულობას საპარლამენტო განხილვებში.
გარდა პროცესისათვის დამახასიათებელი ხარვეზებისა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილში მოცემული პრობლემური საკითხები, მაგალითად:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შედეგად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისათვის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.“ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო მხოლოდ დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე მაშინ, როდესაც ცვლილებების თანახმად, ეს წესი გავრცელდება უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელზე.
- უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელისათვის ამ სახის უფლებამოსილების მინიჭება აჩენს რისკს აღდგეს მავნე პრაქტიკა, რაც გულისხმობს „მუდმივი მეთვალყურის“ ყოლას სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ კერძო სტრუქტურებში. ამავდოულად, არსებითად დააკნინებს 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტთან დაკავშირებით განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს, ისევე როგორც, სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ხელმძღვანელს და მის მოადგილეს არ ექნებათ თანამდებობის პირის სტატუსი, რაც „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დამატებით ვალდებულებებს გულისხმობს.[1]აღნიშნული უწყებების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებები უარყოფითად აისახება ხელმძღვანელი პირების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე.
მიგვაჩნია, რომ არასწორი და არამიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობდეს ფორსირებულად, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის დონეზე და არ იყოს უზრუნველყოფილი დაინტერესებული მხარეებისა, ექსპერტული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არსებობს არაერთი შინაარსობრივი საკითხი, რომელიც სიღრმისეულ გააზრებას და რეალურ დისკუსიას საჭიროებს. სასურველია, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმები განხორციელდეს საჯარო განხილვებისა და მაქსიმალური კონსენსუსის ფონზე.
[1] „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ინტერესთა კონფლიქტი, საჩუქრის მიღება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა.