მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” გამართავს.[1]
იმავე დღეს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მატჩში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ვარ და ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილობას მივიღებ.“ ასევე, მან დაადასტურა, რომ მსოფლიო ვარსკვლავებთან დაკავშირება უშუალოდ მას სთხოვეს, გამომდინარე იქინდა რომ მათთან მეგობრობს.[2]
როგორც საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, საფეხბურთო მატჩში თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ და მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.
აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესებისა და უკანონო შემოწირულობის კუთხით, შემდგომ გარემოებათა გამო:
წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად: წინასაარჩევნო აგიტაცია ეს არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოიკეთა, როდესაც, 2016 წლის 24 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იმ დროისთვის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის ქალაქ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩაერთო. 2016 წელს საიამ აღნიშნული ფაქტი საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში გაასაჩივრა. [3]
უკანონო შემოწირულობა
ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს ორგანიზებას. [4]
სამართლებრივი ფორმით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,[5] რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალული აქვს შემოწირულობის განხორციელება. ხოლო, რაც შეეხება იმას თუ რა ითვლება შემოწირულობად, იმავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ: შემოწირულობად ითვალება პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილი აქვს ფეხბურთის ფედერაციის წესდების დარღვევას, კერძოდ: წესდების მე-3 მუხლი ადგენს ნეიტრალიტეტის პრინციპს, რომლის მიხედვით, ფეხბურთის ფედერაცია ნეიტრალურია პოლიტიკურ საკითხებში. თუმცა ეს არ არის ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიზირების პირველი ფაქტი. ასეთი მაგ. 2016 წლის არჩევნებზეც დაფიქსირდა. კერძოდ: #21 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ლევან კობიაშვილი, პარალელურად ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი იყო და მანდატის მოპოვების შემდგომაც არ დაუტოვებია ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი.[6]
შესაბამისად, საიას შეფასებით, ფეხბურთის მატჩი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებისა და თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მონაწილეობით გაიმართება და რომელმაც უკვე მიიქცია საზოგადოებისა და ამომრჩევლების ყურადღება, სწორედ კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება, რაც ხელს შეუწყობს მის არჩევას. შესაბამისად, ხარჯი, რომელსაც გასწევს ფეხბურთის ფედერაცია, წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტისადმი განხორციელებულ სავარაუდო მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შეისწავლონ ზემოაღნიშნული ფაქტი და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებსა და თბილისის მერობის კანდიდატს,
პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აღნიშნული ფაქტის დამატებით შესწავლას.
[1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/453012-fekhburthis-msoflio-varskvlavebis-monatsileobith-matchis-bilethebidan-shemosuli-thankha-borjomis-tyis-damtsvari-teritoriis-aghdgenas-mokhmardeba.html
[2] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/453101-saqvelmoqmedo-safekhburtho-matchshi-msoflio-varskvlavebthan-erthad-kakha-kaladzec-ithamashebs.html
[3] https://gyla.ge/ge/post/gubernatoris-moadgile-samushao-saatebshi-socialur-qselshi-agitacias-etseoda#sthash.NJZ4MKai.dpbs
[4] https://setanta.ge/articles/1598/varskvlavttsvena-dinamo-arenaze