სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2016-07-17 14:07
Featured image

17 ივლისს მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახით მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელსაც საფუძველი 1998 წლის 17 ივლისს, რომის სტატუტის მიღებით ჩაეყარა, საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საერთაშორისო დანაშაულების - გენოციდის, ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების - ჩამდენი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობრივი სტატუსისა, არ უნდა დარჩნენ დაუსჯელები და ამ მიზნის მიღწევა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით არის შესაძლებელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  გამოხატავს სოლიდარობას ამ უმძიმესი დანაშაულების მსხვერპლთა მიმართ. მათ შორის არიან  2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ასობით პირი. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ჰააგის სასამართლომ მიმდინარე წელს აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნებართვა მისცა პროკურორს;[1] იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ გამოძიების მეშვეობით, შესაძლებელი გახდება სიმართლის დადგენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და გასამართლება, და მსხვერპლთა უფლებების აღდგენა.

2008 წლიდან დღემდე, საია აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 400-მდე პირის ინტერესებს იცავს როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო ინსტანციების წინაშე. კერძოდ:

·         ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული  გამოძიების თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2008 წლიდან დღემდე, საიამ არაერთგზის მიმართა როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის პროკურატურას. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე გამოძიებაში იკვეთება მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტური გამოძიების სტანდარტს. ომის დასრულებიდან 8 წლის თავზე არ მომხდარა არცერთი დამნაშავე პირის არათუ დასჯა, არამედ იდენტიფიცირებაც კი. საქმეზე არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობას, დაზარალებულის სტატუსი, ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ, კერძოდ, 2014 წელს მიენიჭა.

·         2009 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარვადგინეთ 53 საჩივარი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული 400-მდე პირის სახელით;

·         2009 წელს საიას მონაწილეობით გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში“,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევების შესახებ; ეს ანგარიში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მასალას, სადაც დოკუმენტირებულია ათობით მოწმის ჩვენება და ფოტომასალა ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ;

·         2009 წელს, საიამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს აცნობა, რომ  2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული  ემყარებოდა საიასა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დოკუმენტურ მასალებს, მათ შორის, ანგარიშს - „აგვისტოს ნანგრევებში“;

·         2012 წლის 24 აპრილს, საიამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ღია წერილით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, რომლითაც 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითხოვდა;

·         2015 წლის 12 ნოემბერს საიას მეშვეობით ათობით ომით დაზარალებულმა პირმა თავისი მოსაზრება მიაწვდინა სასამართლოს, ისინი საქართველოში გამოძიების დაწყებაზე უფლებამოსილების გაცემას ითხოვდნენ. დაზარალებულებმა მხარი დაუჭირეს პროკურორის მიმართვას, ვინაიდან მათ აქვთ იმედი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოავლენს და გაასამართლებს 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ  პირებს და უზრუნველყოფს მსხვერპლთა რეაბილიტაციას.

 

გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა, პირველ რიგში, დანაშაულის მსხვერპლთა უფლებაა; თუმცა, აღნიშნული ასევე წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ჰააგის სასამართლოსთან და ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმთან, რათა აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები არ დარჩეს დაუსჯელი.

 

 

დამატებითი ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე:

1998 წლის 17 ივლისს ქალაქ რომში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე, 120 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას - რომის სტატუტს, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაფუძნდა. აღნიშნული სასამართლო პირველი დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანოა, რომლის მიზნებია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ისეთი უმძიმესი დანაშაულების   პრევენცია და დანაშაულის ჩამდენ პირთა  დასჯა, როგორიცაა გენოციდი, ომის დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. დღეს სასამართლოს იურისდიქცია აღიარებული აქვს 124 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს 2003 წელს. ამ სახელმწიფოთა რიცხვი პერიოდულად იზრდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ასევე, არაწევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც საქმის აღძვრის თხოვნით სასამართლოს გაეროს უშიშროების საბჭო მიმართავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არის დამატებითი (კომპლიმენტარული). ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო საქმის გამოძიებას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას, რომელსაც მოცემულ საქმეზე აქვს იურისდიქცია, არ შეუძლია ან არ სურს თავად აღასრულოს მართლმსაჯულება სათანადოდ: ჩაატაროს გამოძიება და გაასამართლოს დამნაშავეები.

ამჟამად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი რვა ქვეყანაში აწარმოებს წინასწარ მოკვლევას ისეთ ფაქტებზე, რომლებზეც შესაძლოა, დაიწყოს გამოძიება. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბურუნდი, კოლუმბია, ერაყი, პალესტინა, გვინეა, ნიგერია და უკრაინა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება სავარაუდოდ ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ფაქტზე შემდეგ ათ ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, უგანდა, სუდანი (დარფური), კენია, კოტ დივუარი, ლიბანი, მალი და საქართველო (რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით).

 

[1] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე სასამართლოს პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში,  საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის ირგვლივ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია, ჩადენილია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა: დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაული.