საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული პატიმართა შეწყალების ფაქტს.
როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასული წლის ნოემბერში, პატიმართა შეწყალების დროს, აღნიშნული ღონისძიება შეეხოთ სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ პირებს.
შეწყალების ღონისძიება, ამნისტიისგან განსხვავებით, გულისხმობს არა გარკვეულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის შეღავათის გამოყენებას, არამედ ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ განხორციელებულ მოქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 78).
სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, შეწყალებულმა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრებმა, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად მიაყენეს სანდრო გირგვლიანს ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2007 წელს გამოქვეყნებულ დაკვნითი შენიშვნებში, საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდა, რომ “მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაატაროს მკაცრი ზომები, რათა აღმოფხვრას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების ყველა ფორმა.”
საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაატაროს “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა და არ იყოს ლოიალური ამგვარი ფაქტების მიმართ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცალსახად უარყოფითად აფასებს ზემოაღნიშნული პირების მიმართ შეწყალების აქტის გამოცემას, ვინაიდან ეს გულისხმობს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც მიუღებელია სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოებისათვის.