დანაშაულის გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცავ ორგანოთა უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ნებისმიერი პირის უფლება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს.
გავრცელებული და შესწავლილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საია მიიჩნევს, რომ გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმდება მოკლებული იყო სათანადო დასაბუთებლობას და დამაჯერებლობას, არ შეესაბამებოდა და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ:
1. როგორ ცნობილია, ე.წ. სითი პარკის საქმეზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ გ.უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით არ შეუფარდა გირაო. ასევე არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე.წ. ,,სითი პარკის" საქმეზე არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული რაიმე აქტი, რომელიც გ.უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას შეუზღუდავდა.
2. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ბრალდებული გ.უგულავა საგამოძიებო სამსახურმა გააფრთხილა, რომ საზღვრი არ უნდა გადაეკვეთა, ხოლო გ.უგულავა არ აპირებდა დამორჩილებოდა ამ მოთხოვნას, რის გამოც მისი დაკავება გამართლებული იყო. ამასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:
საქმის მასალებში მართლაც არსებობს 30 ივნისით დათარიღებული ,,ოქმი ბრალდებულის გაფრთხილების შესახებ", სადაც მითითებულია რომ გ.უგულავა გაფრთხილებულია, რომ ,,მან არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია". თუმცა, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად, რადგან: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) არცერთი მუხლი არ აძლევს გამომძიებელს/პროკურორს უფლებას, რომ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით, სასამართლოს შესაბამისი აქტის გარეშე, შეუზღუდოს პირს გადაადგილების უფლება. ბ) ზემოაღნიშნული ოქმი მიღებულია მანამ, სანამ ე.წ. ,,სითი პარკის" საქმეზე სასამართლო იმსჯელებდა პროკურატურის შუამდგომლობაზე გ.უგულავასთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევეასთან დაკავშირებით. რადგან სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ცხადია, გამომძებლის მიერ მანამდე შედგენილ ,,ბრალდებულის გაფრთხილების ოქმს" ვეღარ ექნებოდა შემაკავებელი ძალა თუნდაც რომ მიღების მომენტში მას შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა. გ) აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების ოქმში არ არის მითითებლი რომელიმე კანონის რომელიმე ნორმა, რის საფუძველზეც იგი გაიცა.
3. როგორც ცნობილია, ე.წ. ,,სითი პარკის" საქმესთან ერთად ფინანსთა სამინისტსროს საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებდა სხვა საქმეს, სადაც გ.უგულავას მოწმის სტატუსი ჰქონდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გაგზავნილი უწყებიდან ირკვევა, გ.უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო 2014 წლის 10:00 საათზე. უწყება შედგენილია 2 ივლისს (გ.უგულავას ჩაბარდა იმავე დღეს 22:10 საათზე), რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ მომენტისათვის ბრალდებას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულის სახით მის პასუხისმგებლობაში მისაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში გ.უგულავას საგამოძიებო სამსახურში დაბარება უნდა მომხდარიყო არა მოწმის სტატუსით, არამედ გ.უგულავასთვის უნდა ეცნობებინათ, რომ იბარებდნენ ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად (სსსკ-ს 169-ე მუხლი).
ამასთან, დაკავების მომენტისთვის (3 ივლისი, დაახლოებით დილის 6 საათი) არ იყო გასული გ.უგულავსთვის, როგორც მოწმისთვის, საგამოძიებო სამსახურის მიერ ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის განსაზღვრული ვადა (4 ივლისი, 10:00 სთ). რადგან მისი დაკავება მოხდა ბრალდებულის სტატუსით, გამოდის, რომ უწყების გაგზავნიდან გ.უგულავას დაკავებამდე პერიოდში, საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საკუთარი მოქმედების კანონიერების დადასტურებას, თუ დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ მითითებული 8 საათიანი დროის შუალედში გამოძიებისთვის ცნობილი გახდა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რომელმაც ერთის მხრივ განაპირობა გ.უგულავასთვის მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლა, ხოლო მეორეს მხრივ გადაუდებლად აუცილებელი გახდა მისი დაკავება. საგამოძიებო სამსახურების მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ასეთი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ მითითებული არ არის.
4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართალდამცავი ორგანო სათანადოდ დაასაბუთებს, რომ კონკრეტულ საქმეზე მოწმის სტატუსით საგამოძიებო ორგანოში დაბარებული პირი სავარაუდოდ აპირებს დაემალოს გამოძიებას, სსსკ-ს თანახმად, ეს მაინც ვერ გახდება იმავე საქმეზე მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლის და ამ პირის დაკავების საფუძველი. სსსკ-ს 171-ე მუხლის თანახმად, პირის დასაკავებლად კანონის აუცილებელი მოთხოვნაა ,,დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული". შესაბამისად კვლავ ჩნდება მსგავსი კითხვა: თუ 2 ივლისს გ.უგულავას მოწმის სახით დაბარებისას, გამოძიებას არ ჰქონდა ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, რამდენიმე საათის შემდეგ რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებმაც შექმნეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ.უგულავამ დანაშაული ჩაიდინა? როგორც აღინიშნა, მსგავსი დასაბუთება საგამოძებო სამსახურის მიერ არ მომხდარა.
5. გავრცელებული ინფორმაციის თანახად, გ.უგულავას დაკავებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ მიეცათ მასთან შეხვედრის შესაძლბლობა. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ სათანადოდ შეისწავლონ ეს საკითხი და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში იმ პირებს, ვინც ადვოკატებს პროფესიული ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეუშალეს, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროთ. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გ.უგულავას საქმე სამწუხაროდ არ არის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც მსგავსი პრობლემა შეიქმნა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი მოითხოვს, რომ ,,პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს". სამართალდამცავ ორგანოთა ვალდებულებაა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყონ ამ უფლების რეალიზება.
6. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებისას ბრალდებულს არ განემარტა მისი უფლებები, რაც ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის დარღვევაა.
საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები. სათანადო დამაჯერებლობით დაასაბუთონ საკუთარი მოქმედებები და განსაკუთრებით ის ღონისძიებები, რაც ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას იწვევს.