საიას დახმარებით მ.ბ.-მ შეძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება
საიას თბილისის ოფისი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მ.ბ. -ს ინტერესებს. 2005 წელს სასამართლომ მ.ბ.-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა მიყენებეული ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ სრულდებოდა, იმ მიზეზით რომ მოპასუხის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. მოგვიანებით მ.ბ.-თვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა თავი აარიდა ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მთელი სამკვიდრო მოწმობა მისი განცხადების საფუძველზე გაიცა მხოლოდ მის დედაზე. სასამართლოში წარმოებული დავის საფუძველზე სასამართლომ ნაწილობრივ ბათილად ცნო მოპასუხის დედის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, მოპასუხე აღიარა მემკვიდრედ და სამკვიდროს ქონების თანამესაკუთრედ. საბოლოოდ, წარმოებული დავის საფუძველზე ბენეფიციარ მ.ბ-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რეალურად გახდა აღსრულებადი.
საიას დახმარებით კიდევ ერთ დევნილს მიენიჭა დევნილის სტატუსი
საიას თბილისის ოფისი იცავდა ი. მ.-ის ინტრესებს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი უთხრა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო სამინისტროს მიერ მიღებული აქტი ი.მ-თვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, და მოპასუხე სამინისტროს დაავალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკველა და შესაბამისი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ი.მ-ს მიენიჭა დევნილის სტატუსი.
საიას დახმარებით უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეები სამუშაოზე აღადგინეს
• საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა მ.ა-ს ინტერესებს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ გააუქმა მ.ა-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მის სასარგებლოდ, იძულებით გაცდენილი 3 თვის ხელფასის, 1680 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
• საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ა(ა)იპ ,,დუშეთის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომელს, რომელიც ამავე ორგანიზაციის დირექტორის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მ.მ.-ს მოთხოვნა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მოხდა მისი სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 2560 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საიას დახმარებით მოქალაქეებს აუნაზღაურდათ ხელფასის იძულებითი განაცდური
• საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის ა.მ.-სინტერესებს, რომელიც გამგებლის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენს ბენეფიციარს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე, თუმცა მიეცა იძულებითი განაცდური - 3 120 ლარის ოდენობით.
• საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის თ.ტ-ს ინტერესებს, რომელსაც ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მისი თანამდებობაზე აღდგენის გარეშე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10 100 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საიას ადვოკატების დახმარებით რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა
• საიას თელავის ოფისი იცავდა კ.თ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის 6 თვის ვადით ჩამოართვა მართვის მოწმობა. საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით კ.თ-მ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კ.თ-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
• საიას თელავის ოფისი იცავდა ს.ზ-ს და გ.ზ.-ს ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. ს.ზ. დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობისათვის, ხოლო გ.ზ. 700 ლარით, მართვის უფლების არ მქონე პირისათვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო. საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით ს.ზ.-მ და გ.ზ.-მ პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სასამართლოში, რომელმაც ბათილად ცნო ორივე პირის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრები და შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
საიას დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვ.პ.-ს ინტერესებს, რომლის საცხოვრებელი ბინა ვ.ჩ.-მ 2009 წელს კანონდარღვევით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით. შემდეგ კი, სხვა პირზე გაასხვისა.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ვ.პ.-მ სარჩელით მიმართ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ვ.ჩ-ს დაკისრებოდა ბინის გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ.პ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა ზიანის - 27 000 ლარის ანაზღაურება.