სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა

2015-07-17 09:21
Featured image

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის აგვისტოში ჩატარებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით გაასაჩივრა ამავე კონკურსის მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ  შპს „ენერჯი გრუპი“ ვერ აკმაყოფილებდა პროგრამული მრავალფეროვნების საკონკურსო კრიტერიუმებს, ასევე, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ წილის მესაკუთრე არის ადმინისტრაციული ორგანოს, სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, რაც ქმნის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტს, რომლის არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა. 

საია თითქმის ორი წლის განმავლობაში სამართლებრივ დახმარებას უწევდა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს და ზემოაღნიშნული ლიცენზიის გამო წარმოებულ დავაში წარმოადგენდა ჰერეთის ინტერესებს თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში. საბოლოოდ, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
 
2015 წლის 16 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უკვე ახალმა შემადგენლობამ, სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა კომისიის სხდომა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.