საია სასამართლოში იცავდა შშმ პირის ინტერესს, რომელსაც პენსია შეუჩერდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მას არ აუნაზღაურა გასული პერიოდის მიუღებელი თანხა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სააგენტო მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობა შეჩერებული სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში და არა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას.
საქმის განხილვისას ყველა ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული ნორმა უნდა განიმარტოს სისტემურად, კანონმდებლის ნებისა და მიზნის გათვალისწინებით და შესაბამისად, უნდა ჰქონოდეს მოსარჩელეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისაღები პენსიის მოთხოვნის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის დადგომისას, არამედ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ არ დადასტურებულა ბრალი და რაიმე საფუძვლით არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხა.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატი წარმოადგენდა.