თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა პენსიონერის სარჩელი, რის შედეგადაც, მან სრულად მიიღო კუთვნილი პენსია.
პენსიონერს, რომელმაც საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა, საპენსიო ასაკი 2022 წლის იანვარში შეუსრულდა. მან, პენსიის დანიშვნის შემდეგ, კუთვნილი პენსიის მიღების მიზნით მიმართა ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს. ბანკის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ პენსიას ვერ მიიღებდა, რადგან ბანკის წინაშე ჰქონდა შესასრულებელი წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულება.
პენსიონერმა, საკითხის შესწავლის მიზნით, ბანკს მიმართა საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით), რომელშიც მოთხოვნილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავებული პენსიის პენსიონერზე გაცემა და პენსიის დაკავების საფუძველთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიღება. ბანკმა არ დააკმაყოფილა პენსიონერის მოთხოვნა. იგი მიუთითებდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობაზე (შემდგომში - ხელშეკრულების პირობა), რომლის მიხედვითაც, თუკი კრედიტის გადახდის დღეს მსესხებელი არ განათავსებდა კრედიტის მომსახურე ანგარიშზე დავალიანების დასაფარად საკმარის თანხას, ბანკს შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ, განეხორციელებინა მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება, ასევე, ჩამოეჭრა თანხა მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან და მიექცია კრედიტის დასაფარად.
პენსიონერმა, საიას დახმარებით, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პირობის ბათილად ცნობა, ისე - უკანონოდ დაკავებული ოთხი თვის პენსიის დაბრუნება. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, ს.ს. „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერს დაუბრუნა უკანონოდ დაკავებული პენსიის ნაწილი, 790 ლარი. დარჩენილ თანხასთან დაკავშირებით პენსიონერმა დავა განაგრძო.
დავის მსვლელობისას ბანკმა წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხისა და პროცენტის პენსიონერისთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სადავო პირობა და სასამართლომ პენსიონერს სრულად დაუბრუნა უკანონოდ დაკავებული თანხა. სასამართლომ, აგრეთვე, დააკმაყოფილა ბანკის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ და პენსიონერს დააკისრა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირი თანხის გადახდის ვალდებულება.
სასამართლომ, ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პირობა მიიჩნია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად და განმარტა, რომ სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, აუცილებელია კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, რაც, მათ შორის, გამოიხატება საკრედიტო დაწესებულების, როგორც „ძლიერი მხარის“ ვალდებულებაში, უზრუნველყოს „სუსტი“ მხარის, მსესხებლის ინფორმირება გარიგების ყველა მნიშნელოვან პირობაზე. სასამართლომ, ხელშეკრულების სადავო პირობა შეაფასა ამ კონკრეტული საქმისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნების მხედველობაში მიღებით და მიიჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მხრიდან კეთილსინდისიერების ვალდებულება არ იყო დაცული.
საიას ამ ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთმა პენსიონერმა მომართა. ამდენად, ამ საქმეზე დადგენილი პრაქტიკა შესაძლოა სხვა პირებისთვისაც იყოს სასარგებლო.